ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირბელი ნაწილით, საუბარია 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მაისი განჩინებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება სახით გირაო. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი. რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას, ელექტრონული დისკები შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, - განაცხადა მოსამართლემ.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაიკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედებოდა ბრალი.

აღნიშნული ბრალდებები 1-დან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა