ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს - პარტიები არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და არჩევნების დღემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდეთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და არჩევნების დღემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონფერენციაზე საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვაა, რაც არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში უკვე არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ვესწრები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება - ეს არის ელექტრონული არჩევნების საქართველოში დანერგვა, რაც ასეთი მასშტაბით პირველად ხდება და რამაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება უნდა მოიტანოს. არჩევნების მიმართ უნდა გააჩინოს ნდობა და არჩევნები აღარ უნდა იყოს დაპირისპირების, ადამიანების და პარტიების ერთმანეთთან მწვავე დისკუსიის საგანი. სულ მცირე არჩევნების დღეს უნდა გვქონდეს განცდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ის ასევე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში არსებობს.

„რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც დაკავშირებულია, მათ შორის, ხმების მოსყიდვასთან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და ეს პრობლემები დღესაც არსებობს. ჩვენ დღეს საუბარი გვაქვს არჩევნების დღის ადმინისტრირების აბსოლუტურად შეცვლაზე, რომელმაც ასეთი ტიპის პრობლემებისგან არჩევნების დღე უნდა დააზღვიოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ანალოგიური გამოწვევები არ გვექნება,“ - აღნიშნა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა