ომბუდსმენობის კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი - არ ვიქნები კაბინეტური სახალხო დამცველი, არ მეყოლება არანაირი მანქანა - არ მეყოლება არც ფავორიტები და არც დემონიზებული ჯგუფები

არ ვიქნები კაბინეტური სახალხო დამცველი; არ მეყოლება არანაირი მანქანა - მე არ მეყოლება არც ფავორიტები და არც დემონიზებული ჯგუფები, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლელა გაფრინდაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, არსებული პოლარიზებული სიტუაცია შეიცვალოს, თუ არ მოვუსმენთ, თუნდაც ყველაზე მიუღებელ ადამიანებს.

„მე არ ვიქნები კაბინეტური სახალხო დამცველი. პასუხისმგებლობა ვის წინაშეც მექნება, ეს არის ხალხი. სხდომებს ჩავატარებ რეგიონებში. წლის განმავლობაში მოვიცავ ყველა რეგიონს. ასევე, ანგარიშებს გავაცნობ რეგიონების წარმომადგენლებს. ამ პროცესიდან რეგიონების გამორიცხვას არ ვეთანხმები. არ მინდა ჩემი გამოსვლა პოპულისტურად გაიგოთ - კაბინეტიც დაგვჭირდება, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია, რომ სახალხო დამცველს არ იცნობდნენ, მაგალითად, მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები. არ მეყოლება არანაირი მანქანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, მათ შორის, სვანეთში, ასევე, არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩემი სტატუსი - სახალხო დამცველობის, ამ საკითხის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის - აბსოლუტურად წარმოსადგენად მიმაჩნია საზოგადოებრივი ტრანსპორტით წასვლა. თუ ოფისი მთლიანად წავა რეგიონებში, არსებობს ამის სერვისები და ერთჯერადად დავიქირავებთ.

ასევე, სახალხო დამცველობის კანდიდატი უნდა იყოს განმანათლებელი. მან უნდა იცოდეს ქვეყნის ისტორია, საბჭოთა კავშირი, პოსტსაბჭოთა პერიოდი, ასევე ადამიანის უფლებების ზოგადსაკაცობრიო ისტორია და ამ ყველაფერს ხალხს თვითონ უნდა აცნობდეს. მას უნდა შეეძლოს ამ ცოდნის დემონსტრირება და ხალხის განათლება. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ამას ნამდვილად გავაკეთებ.

ამასთან, სახალხო დამცველს თავისი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს და მას უნდა კარნახობდეს მედიას, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს და არა პირიქით - როდესაც არსებობს რაღაც დღის წესრიგები და სახალხო დამცველი ერგება ამ დღის წესრიგებს. ამაში პრინციპული ვარ და ჩემი შეხედულებები მაქვს, როგორ მოხდება ჩემი დღის წესრიგის შემუშავება.

დერადიკალიზაცია და დეესკალაცია - ეს ასევე პრინციპულია. შევხვდები ყველა სამოქალაქო, პოლიტიკურ და ინტერესთა ჯგუფს, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი შეხედულებები ჩემთვის. წარმოუდგენელია, ეს პოლარიზებული სიტუაცია შეიცვალოს, თუ არ მოვუსმენთ, თუნდაც ყველაზე მიუღებელ ადამიანებს ჩვენს საჯარო სივრცეში. მე არ მეყოლება არც ფავორიტები ჩემს მუშაობაში და არც დემონიზებული ჯგუფები. შევხვდები ყველას და დაველაპარაკები ყველას“,- განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ. დღეს ოთხი კანდიდატის - ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძის კანდიდატურების განხილვაა დაგეგმილი.

ომბუდსმენის თანამდებობის დაკავების მსურველთა მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო