პირადი მოტივებიდან გამომდინარე, პარტია „გირჩი“ „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და გიორგი ვაშაძის პარტიის გაერთიანებას გულშემატკივრობს - ადამიანებს ხშირად ორი „გირჩი“ ერთმანეთში ერევათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ შევეშალოთ და თუ იქითა მხრიდანაც დაგვეხმარებიან, ამას მხოლოდ მივესალმებით! - ასე უპასუხა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ სამი პარტიის: “გირჩი-მეტი თავისუფლების“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და “დროას“ შესაძლო გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვას.
ხვიჩიას თქმით, გაერთიანების პროცესს მთელი “გირჩი“ გულშემატკივრობს და მხოლოდ ის აწუხებთ, რომ გაერთიანება ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.
"რთული სათქმელია, რა გამოვა აღნიშნული გაერთიანებიდან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას რეიტინგი რომ გაუჩნდეს, ამისთვის იდეა და აზრი სჭირდება. ასევე სჭირდება სურვილები, რომელთაც ადამიანებს დაპირდება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ასრულდება. ჯერჯერობით ამას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ვერ ვხედავ. ამიტომ რამე ტიპის პერსპექტივებზე საუბარი გამიჭირდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.