გიგი წერეთელი - ყირიმის პლატფორმაზე პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ვუსმენდი, ეს გაყოჩაღება, რიხის შემატება და ხმამაღალი განცხადებები სანქციების რეალურობის გამოძახილია

ყირიმის პლატფორმაზე პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ვუსმენდი - ეს გაყოჩაღება, რიხის შემატება და ხმამაღალი განცხადებები სანქციების რეალურობის გამოძახილია, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყირიმის პლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო არანაირად არ გახდება რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდების გზა.

გიგი წერეთლის განცხადებით, სანქციების ალბათობა ძალიან მაღალია და „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ამაზე უნდა იფიქრონ.

„ვატყობ, რომ ცოტა მეტი გამოფხიზლებაა. ყირიმის პლატფორმაზე პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ვუსმენდი და ძალიან ხმამაღლა განაცხადა, რომ საქართველო არანაირად არ გახდება რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდების გზა, ეს გაყოჩაღება, რიხის შემატება და ხმამაღალი განცხადება სანქციების რეალურობის გამოძახილია. როცა შენს უახლოეს ნათესავებს და ხალხს დაასანქცირებენ, თან ალბათ, მოთხოვნაც არის, რომ ეს იყოს საერთაშორისო სანქციების საფუძველი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასანქცირების შანსები ძალიან მაღალია, თუ არ უნდათ სანქციები, ამაზე უნდა იფიქრონ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გარდა ამისა, გიგი წერეთელმა გადაცემაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტზეც ისაუბრა.

კითხვაზე, საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა იმ ფაქტორმა, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრები თავს უნგრეთში აფარებდნენ, მაშინ როცა იგივე ფაქტორი უარყოფითად აისახა საქართველო-უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობაზე, გიგი წერეთელმა უპასუხა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაც არ ცდილობს, ორბანთან გააფუჭოს ურთიერთობები, რადგან ამას არავინ აძალებს“, ხოლო უკრაინასთან მსგავსი დამოკიდებულება „ომის გაჩაღება, არის რუსეთის სიამოვნებისთვის“.

„უკრაინასთან მიმართებაში „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია რუსული ფაქტორი და არა თუნდაც სააკაშვილის უკრაინაში მაღალი თანამდებობა, ეს ასე არ არის, მაშინ ორბანსაც აქვს მეგობრობა და სიმპათიები და მე დარწმუნებული ვარ, რომ კულუარულად ის აუცილებლად დაელაპარაკება ღარიბაშვილს მათ შორის ოპოზიციასთან და სააკაშვილთან დაკავშირებით. აქ მთავარი რუსეთის ფაქტორია, უკრაინასთან დამოკიდებულება განისაზღვრება რუსეთის დამოკიდებულებით, ეს არის გადამწყვეტი და მთავარი. ორბანს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან ნამდვილად არ აქვს, მას აწუხებს თავისი ქვეყნის ინტერესები, მისი ეკონომიკა და პრაგმატულად უყურებს ამ საკითხს, აქაც პრაგმატიზმია მისთვის საქართველოსთან ურთიერთობა, ხოლო თავის მხრივ „საქართველოს ხელისუფლებაც არ ცდილობს, რომ ორბანთან გააფუჭოს ურთიერთობები იმიტომ, რომ ამას არავინ არ აძალებს და უკრაინასთან ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ომის გაჩაღება რუსეთის სიამოვნებისთვისაა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა