ვლადიმერ კონსტანტინიდი - ქართული დიასპორა, თავისი კავშირებითა და თანამედროვე სახალხო დიპლომატიის ინსტრუმენტებით, სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია საქართველოს ევროპაში ინტეგრირების  გზაზე

„მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ - ამ სახელწოდებით გამართულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო და საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

"სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩვენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ქართული დიასპორის მონაწილეობა ახალ ხარისხში ავიყვანეთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად მასპინძლობს რამდენიმე ბიზნეს-ფორუმსა და ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებას, რომლებიც დიასპორის წარმომადგენელთათვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას, საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაზიარებას, შესაბამის სააგენტოებთან თუ სახელმწიფო პროგრამებთან დიასპორის დაკავშირებასა და მდგრადი თანამშრომლური კავშირების გაფართოებას ემსახურება. შედეგად დიასპორის გააქტიურება, სახელმწიფოსადმი გაზრდილი ნდობა და ხელშესახები დიასპორული საინვესტიციო ინიციატივები მივიღეთ“, - განახადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას, რაც ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალი საინვესტიციო პროექტებითა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორებით უცხოეთის ბიზნეს-წრეების დაინტერესებას.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები ქვეყნის განვითარებაში ინვესტირების საუკეთესო მაგალითს თავად წარმოადგენენ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ინიციატივით გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს