თამარ კორძაიას შეფასებით, რეგლამენტში ცვლილებებით, რომლითაც უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები კომიტეტებში ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი, კანონის საკუთარ თავზე მორგება ხდება

პარლამენტის უფრაქციო ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას შეფასებით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, რომლის საფუძველზეც უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები პარლამენტის კომიტეტებსა და სხვა საპარლამენტო სტრუქტურებში ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი, კანონის საკუთარ თავზე მორგება ხდება.

როგორც კორძაიამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს განაცხადა, ის ვერასდროს მხარს ვერ დაუჭერს ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომელიც იმის გამო ხორციელდება, თუ რომელმა დეპუტატმა რომელი პარტია დატოვა და სად გადავიდა.

„წარმოდგენილი ცვლილებებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კვოტები არ იცვლება. თითქოს ერთი შეხედვით უკეთესიც კი არის, რადგან ოპოზიციის დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტებში არ იჭრებიან, მაგრამ როგორც პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შემთხვევაში ვთვლიდი, რომ ეს კონსტიტუციისა და რეგლამენტის საკუთარ თავზე მორგება იყო, რისი წინააღმდეგიც თავის დროზე ვიყავი, ასევე ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ ინიციატივა სწორედ ამ კატეგორიის ცვლილებებში გადის.

თუკი ვერ ვეგუებით რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომ გვაქვს 7-კაციანი ფრაქციების შექმნის უფლება და შემდეგ პარლამენტის წევრები საკუთარი რისკით ვერ მივდივართ იმაზე, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებს ის შესაძლებლობა არ გვექნება, რაც ფრაქციებს აქვთ, მაშინ საერთოდ რატომ ვადგენთ კონსტიტუციით რაიმე წესებს, თუკი შემდეგ, რეალობის გათვალისწინებით, ვეცდებით, რომ კანონები მოვირგოთ?! ასეთ ცვლილებებს სჯობს ცვლილება კონსტიტუციაში შევიდეს და დეპუტატებს 5-6 კაციან ფრაქციის დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცეს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის კომიტეტებში, ასევე საგამოძიებო კომისიებსა და სხვა საპარლამენტო სტრუქტურებში უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამის შესაბამისად, ცალკე კვოტა განისაზღვრება უმრავლესობის გარეთ - ოპოზიციაში მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოძრაობა “ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოამზადეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა