საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ - თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, კალაძემ აღნიშნა, რომ „ნიკა გვარამიას პროცესს არ აკვირდებოდა და დეტალებში შესვლა გაუჭირდება“.
რაც შეეხება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კალაძე აღნიშნავს, რომ „კონკრეტული დამნაშავეები გვყავს, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე იხდიან სასჯელს“.
„არ ვიცი, ნიკა გვარამიას პროცესს არ ვაკვირდებოდი და გამიჭირდება დეტალებში შესვლა. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე იხდიან სასჯელს. ამ „ქეისზე“ გამიჭირდება დეტალებში შესვლა. არავის ციხეში ყოფნა და წასვლა არ მიხარია, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი ასეა. თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს“,- აღნიშნავს კალაძე.
ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.