შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თაობაზე უფლებამოსილების გამოყენების თხოვნით, წერილი მომზადდა, რომელიც მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეყრდნობა.

„მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით შეწყალების თაობაზე. შესაბამისი გზავნილით, თხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებაზე, ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერნი მიშელის შეთანხმების. იმ შეთანხმების, რომელმაც საკუთარ მთავარ ამოცანად ქვეყანაში დეპოლარიზაცია განსაზღვრა და რომლის შეთანხმებაშიც მონაწილეობდა უშუალოდ ქალბატონი პრეზიდენტი. გვსურს მივმართოთ ამ შეთანხმების სულისკვეთებით და ვთხოვთ, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. ასევე მზად ვართ, შევხვდეთ პირადად და გავაცნოთ საკუთარი არგუმენტაცია, თუ რატომ მიგვაჩნია დღეს ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად.

ასევე ვგეგმავ, დღეს კომუნიკაცია მქონდეს მიშელის კაბინეტთან ბრიუსელში, რომელსაც ასევე გავაცნობ არგუმენტაციას, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნა, მათ შორის შეწყალების გზით, რათა არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ კიდევ ერთხელ არ მივიღოთ იმის მსგავსი ძალიან დიდი დარტყმა, როდესაც ერთხელ უკვე ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ამ მიზნით სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები და პოლიტიკოსები მოაწერენ ხელს შესაბამის წერილს ქალბატონი პრეზიდენტის სახელზე და უკვე წერილის შინაარსს ხელმოწერებით, გაგაცნობთ, როგორც კი საბოლოოდ იქნება მზად ხელმოწერები“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს კანონპროექტი არათუ ვერ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნას, რაც დეოლიგარქიზაციას ეხება, არამედ უარეს შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანაში გახდეს რეალურად პოლიტიკური დევნის ახალი ინსტრუმენტი.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ თავი შევიკავეთ კანონპროექტის მხარდაჭერისგან, თუმცა, როგორც ვამბობდით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი ხმები. მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ კანონპროექტზე, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ შედეგებზეც, რაც ამ კანონპროექტის მიღებას მოჰყვება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც აცდენილია ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების გზას, ამ პარლამენტში ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი ვერ იქნება და მათ შორის არის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელსაც დღეს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა