ბერდია სიჭინავა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე - ვფიქრობ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში განაჩენის გადასინჯვის საფუძველი შეიძლება არ გახდეს

ვფიქრობ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში განაჩენის გადასინჯვის საფუძველი შეიძლება არ გახდეს , - ამის შესახებ ყოფილმა პროკურორმა და პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც მან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი შეაფასა.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში დარღვევა არ დაუდგენია.

„გასაჩივრებული იყო ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც მოიცავს სამართლიანი განხილვის უფლებას. თავის მხრივ, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს სხვადასხვა ასპექტს - ფუნდამენტური საკითხი არის ის, რომ ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს სამართლიანი განხილვის უფლებით და ამავდროულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი თარჯიმნის მომსახურებით, დროული საქმის განხილვით, ასევ უნდა იყოს დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის სახით კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. როგორც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით იყო ნათქვამი, გასაჩივრებული იყო 3 ნაწილი - ერთი იყო საქმეზე მტკიცებულებების უკანონო მოპოვება, რასაც დავობდა დაცვის მხარე. მეორე და მესამე საკითხი იყო მესამე ნაწილი, რომელიც ეხებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან, რომელსაც შეიძლება ირიბი ზეგავლენა მოეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. როგორც მახსოვს, საუბარი იყო თეა წულუკიანზე, კახა კალაძეზე, გიორგი კვირიკაშვილზე და სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე, რომელთაც ამ ადამიანის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ საქმეში „მოგება-წაგება არ არსებობს“.

ყოფილი პროკურორის თქმით, არსებობს ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა, რომელსაც ადგენს ევროპული სასამართლო - ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული კონვენციის დარღვევის ფაქტს.

„ჩვენ ვიცით რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს მართლმსაჯულებაზე აქვთ ზეგავლენა. კონკრეტული თანამდებობის პირების სიტყვას შეუძლია მართლმსაჯულების სისტემაზე და კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მოახდინოს ზეგავლენა. ამ მხრივ ძალიან საყურადღებოდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მიზეზის გამო, რომ ყველა ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი ბრალეულობა არ დადასტურდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. შესაბამისად, როდესაც მსგავსი გახმაურებული საქმეების დროს ხდება პოლიტიკოსების მხრიდან ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ეს [გადაწყვეტილება] კარგი პრევენცია უნდა იყოს ამისთვის. ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დაფიქრდეს, სანამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას დაარღვევს.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო საჯაროობის საკითხი - როდესაც სისხლის სამართლის პროცესი არის შეჯიბრებითი პროცესი, უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს ბრალდების მხარე, რომელიც უკრძალავს დაცვის მხარეს მტკიცებულებებთან დაკავშირებით საუბარს და თვითონ როცა უნდა ბრიფინგებს ატარებს, გამოდის და ღიად საუბრობს ამ საკითხზე“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებით უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში, პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარება დარღვევა იყო - სასამართლომ სახელმწიფოს 9 418 ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს