თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული დეტალურად აღიარა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული დეტალურად აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით მურადაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით დაიკითხა.

„27 აპრილი იყო როცა დანაშაული მოხდა, დღის ბოლო, გვიანი საათები იყო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა შვილი. მას გავესაუბრე, დეტალებს ამბობდა კონკრეტული დანაშაულის შესახებ. პატაკით მივმართე ხელმძღვანელს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებულიყო ჩემი მონაწილეობით, რათა ეს ინფორმაცია დაფიქსირებულიყო. ის უარზე იყო მოწმის სახით ჩვენება მიეცა. განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მას გავესაუბრე, დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულერბრივი ქმედება, რაც შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ჩაწერილია. დეტალურად აღწერდა ყველაფერს, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა და როგორ ცდილობდა ალიბის შექმნას", - განაცხადა მურადაშვილმა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კითხვებით თავად ბრალდებულმაც მიმართა. ბეროზაშვილმა პოლიციის მაღალჩინოსანს ჰკითხა, სად შეხვდა მას, ასევე შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნა იცოდა თუ არა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა.

ამ წუთებში, სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილთან განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეო მასალას აჩვენებენ, სადაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დეტალურად ჰყვება.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო