ანა ბუჩუკური - ფაქტია, რომ გაერთიანება გამარჯვების ფორმულა არ არის - რაც შეეხება მიდგომას, რომ ყველა პარტია დაიშალოს და ერთი შეიქმნას, პირიქით მგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნა პარტიული მრავალფეროვნებაა

ფაქტია, რომ გაერთიანება გამარჯვების ფორმულა არ არის, ეს არაერთხელ დადასტურებულა - რაც შეეხება მიდგომას, რომ ყველა პარტია დაიშალოს და ერთი გაკეთდეს, მე პირიქით მგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნაა არა ორპოლუსიანობა, პირიქით, პარტიული მრავალფეროვნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან" პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ „ფორმულას“, რაზეც დავით უსუფაშვილმა ისაუბრა, დეტალურად არ იცნობს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ხელოვნური გაერთიანება არ იმუშავებს.

„ორპოლუსიანობას „ოცნება“ იყენებს ძალიან კარგად, ყველას აწებებს პირობითად „ნაცმოძრაობის“ სახელს და როცა დარბაზში ისინი არ სხედან, მაინც „ნაცებს“ ესაუბრებიან, რადგან „ოცნებისთვის“ ეს მარტივი მდგომარეობაა. იდეის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. ასეთი გაერთიანება ერთ პარტიად, ჩემთვის რთული წარმოსადგენია, ყველა პოლიტიკურ გუნდს თავის წარსული აქვს, თავის ისტორია და ამიტომ ჩემი აზრით, ეს ხელოვნური იქნება. არ ვიცი, რა იგულისხმა ბატონმა დავითმა, დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნა არ არის გაერთიანებები, ამან არ იმუშავა. ყველას ჩვენი პოლიტიკური წარსული, ისტორია გვაქვს, ამასაც ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ამიტომ ასე ერთის ხელის მოსმით ყველას გაერთიანება, არ ვთვლი, რომ საზოგადოების მხრიდან დადებითად იქნება შეფასებული,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისათვის, "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ისაუბრა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა პარტიების „გამსხვილება“. კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ამაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლას და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის აღმოცენებას, დავით უსუფაშვილმა თანხმობა განაცხადა.

„დიახ, ძალიან კონკრეტული ფორმულაა შეთავაზებული. „ლელო“ იმას კი არ ამბობს, მოდი, მე შემომიერთდითო. ახლა ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია „ოცნებიდან“ მიგრირების პროცესში მყოფ ამომრჩეველზე, ვისაც აქვს იმის გააზრება, რომ „ოცნებამ“ ბევრი კარგი დანაპირები გასცა, მაგრამ არ შეასრულა. ამ ხალხისთვის ახალი პოლიტიკური ძალის შეთავაზება იქნება სწორი და არა პოლიტიკური ძალებისგან რაღაცის შექმნა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა