მიხეილ სარჯველაძე - დავით უსუფაშვილის განცხადება ასე უნდა გავიგოთ, რომ ოპოზიციამ უნდა აღიაროს საკუთარი მარცხი და შეეცადონ ახალი ფურცლიდან დაიწყონ, რაც წარუმატებლობისთვის არის განწირული

ოპოზიციური პარტიების დაშლისა და ახლის შექმნასთან დაკავშირებით ბატონი დავით უსუფაშვილის განცხადება ასე უნდა გავიგოთ, რომ ოპოზიციამ უნდა აღიაროს საკუთარი მარცხი და წარუმატებლობა და შეეცადონ ახალი ფურცლიდან დაიწყონ რაღაც. ჩემი აზრით, ეს მაინც წარუმატებლობისთვის არის განწირული , - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატის დავით უსუფაშვილის განცხადებას ოპოზიციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოში გარკვეული პოლიტიკოსები ტოქსიკურ ძალასთან ასოცირდებიან.

"რადგან საქართველოში ცალკეული ადამიანები ასოცირდებიან არაერთ ისეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც რეპუტაციული თვალსაზრისით ზედმეტად ტოქსიკურია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ახალი გაერთიანება ისეთივე რეპუტაციის განმაპირობებელი იქნება, რაც ამ დრომდე აქვთ. ამიტომ არ მგონია, რომ რადიკალური ცვლილებების მომტანი შეიძლება იყოს ასეთი მექანიკური ტიპის ცვლილებები, არ მგონია, რომ ეს აჩენდეს მათთვის სუფთა ფურცლიდან საქმის დაწყების შესაძლებლობას, მაგრამ ეს კი ნამდვილად თვალში საცემია, რომ დავით უსუფაშვილიც ასე ხედავს საკითხს, რომ ოპოზიციამ ამ დრომდე ვერაფერი შესთავაზა ისეთი, რაც მათ ინტერესსა და ყურადღებას მიიპყრობდა", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ბევრი ხვდება, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა” გარკვეული ელექტორატისთვის წარმატებული ბრენდია, სამაგიეროდ მას ახლავს უზარმაზარი ტოქსიკურობის ხარისხი.

სარჯველაძე ერთობაზე“ ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დომინანტური მდგომარეობა ოპოზიციაზე ვერ ექნება, რადგან ეს "ორგანიზმი შიგნიდან დალპა"

"გარე ფასადის და განცხადებების მიუხედავად, ბუტაფორიული სიმტკიცის შთაბეჭდილების შექმნის მცდელობის მოუხედავად, ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია შიგნიდან დალპა. ამის მაჩვენებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ცალკეული წევრების გასვლა, კრიტიკული მოსაზრებების ტირაჟირება თავმჯდომარის მიმართ, თავმჯდომარის საპასუხო თავდასხმა, ის რომ კეზერაშვილს მოუწია იმ განცხადებების კეთება, რასაც მისი წევრები უარყოფენ, აჩვენებს იმას, რომ იქ კარგი არაფერი ხდება. ეს არის შიგნიდან გაფუჭებული ორგანიზმი, რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ისაუბრა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა პარტიების „გამსხვილება“. კითხვაზე გულისხმობს თუ არა ამაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლას და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის აღმოცენებას, დავით უსუფაშვილმა თანხმობა განაცხადა.

„დიახ, ძალიან კონკრეტული ფორმულაა შეთავაზებული. „ლელო“ იმას კი არ ამბობს, მოდი, მე შემომიერთდითო. ახლა ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია „ოცნებიდან“ მიგრირების პროცესში მყოფ ამომრჩეველზე, ვისაც აქვს იმის გააზრება, რომ „ოცნებამ“ ბევრი კარგი დანაპირები გასცა, მაგრამ არ შეასრულა. ამ ხალხისთვის ახალი პოლიტიკური ძალის შეთავაზება იქნება სწორი და არა პოლიტიკური ძალებისგან რაღაცის შექმნა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს