ნინო ბურჯანაძე - ჯერ პრაიმერისის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? - ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს, მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს

3%-ზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება მესამე ძალაზე ილაპარაკო?, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „სტრატეგია აღმაშენებელზე“ საუბრისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს.

„პრეტენზია და ამბიცია ბევრი რამის შეიძლება გქონდეს, მაგრამ რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს. 11% ორ არჩევნებზე ზედიზედ, ჩემი პარტიის გარდა, არ აუღია არცერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ცალკე თემაა, მაგრამ 11%-იც რომ მივიღე, მაშინაც არ მილაპარაკია, რომ მე ვარ მესამე ძალა და ალტერნატიული ძალა-მეთქი, რადგან ვაცნობიერებდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი 11% ყველა პარტიის პროცენტზე მეტი იყო, არ იყო საკმარისი ალტერნატიული ძალის შესაქმნელად. არ შეიძლება ასე ლაპარაკი, 3%-ზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება მესამე ძალაზე ილაპარაკო? თან ვერავინ ვერ იტყვის, რომ გაგვიყალბეს არჩევნებიო, რადგან სხედან პარლამენტში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ , „დროამ“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ მოუმზადებელი იდეების გაჟღერებით „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი.

„მათდა უნებურად ამ იდეამ დაასხა ხელისუფლების წისქვილზე წყალი. როდესაც შენ გამოდიხარ მოუმზადებელი იდეით, როდესაც არ არის შეთანხმებული და განხილულიც კი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, როდესაც შენი სავარაუდო მოკავშირეებიც კი, „ლელოდან“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა, გაკრიტიკებენ, ეს უბრალოდ პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია, ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მესმის ახალგაზრდები არიან, მოტივირებული არიან, მაგრამ შენი მოტივაციით კარგის ნაცვლად ცუდი არ უნდა გამოგივიდეს და გამოუვიდათ უარესი, ხელისუფლებამ მართლა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ არაფერი სხვა შეთავაზება არ აქვთ, ხელისუფლების შეცვლის თაობაზე მხოლოდ და თანამდებობების განაწილების თაობაზე ოპოზიციასო“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე გადაცემაში დავით უსუფაშვილის მიერ გაჟღერებულ იდეასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ოპოზიცია დაიშალოს და „ვეღარ აეწყოს“.

„ჯერ დავიშალოთ, მერე ავიწყოთ, კარგით რა, მართლა. არ შეიძლება ასეთი იდეები ტელევიზორში გაახმოვანო. რატომ ახმოვანებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იდეებს ტელევიზიით მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლები კომუნიკაცია ყველას გვაქვს ერთმანეთთან, რა პრობლემაა?

ვის ელაპარაკა „ლელო“, როდესაც ეს იდეა გამოაცხადა? რომელ პარტიას ელაპარაკა? ეს არის პრობლემა, როდესაც სიურპრიზებია ყოველდღიურად ხან ერთი პარტიიდან, ხან მეორე პარტიიდან, ხან მესამე პარტიიდან. ჯერ პრაიმერისის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს იმისი, რომ ვერ აეწყოს და მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისათვის, "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ისაუბრა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა პარტიების „გამსხვილება“. კითხვაზე გულისხმობს თუ არა ამაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლას და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის აღმოცენებას, დავით უსუფაშვილმა თანხმობა განაცხადა.

„დიახ, ძალიან კონკრეტული ფორმულაა შეთავაზებული. „ლელო“ იმას კი არ ამბობს, მოდი, მე შემომიერთდითო. ახლა ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია „ოცნებიდან“ მიგრირების პროცესში მყოფ ამომრჩეველზე, ვისაც აქვს იმის გააზრება, რომ „ოცნებამ“ ბევრი კარგი დანაპირები გასცა, მაგრამ არ შეასრულა. ამ ხალხისთვის ახალი პოლიტიკური ძალის შეთავაზება იქნება სწორი და არა პოლიტიკური ძალებისგან რაღაცის შექმნა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო