ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად 12 ალიბს ქმნის

ეს არის 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად 12 ალიბის შექმნა, რათა შემდეგ, თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ალიბები გამოიყენოს ისე, თითქოს ყველაფერი გააკეთეს და „ბოროტმა ევროპამ“, „დამსახურებული კანდიდატის სტატუსი“ არ მოგვცა , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტიის მიზანი არ არის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულება.

„სინამდვილეში „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის ხელსაყრელი პროექტი. კანონის პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ არის მათთვის ალიბი - ისევე, როგორც დანარჩენ სხვა 11 საკითხში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. მათი მიზანი არ არის შინაარსობრივად ამ რეკომენდაციების შესრულება. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. პრობლემის კონტექსტი და შინაარსი ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ. რეალობა არის ასეთი - ეს არის 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად 12 ალიბის შექმნა, რათა შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ, რომელიც, იმედია, იქნება დადებითი, თუმცა თუ იქნება უარყოფითი, უნდათ, რომ ეს ალიბები გამოიყენონ შიდა პოლიტიკურ სპექტრში, თითქოს მათ ყველაფერი გააკეთეს და „ბოროტმა ევროპამ“ „დამსახურებული კანდიდატის სტატუსი“ არ მოგვცა.

მე ვიყავი დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრი ჩვენი პარტიიდან. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გავიარეთ ეს პროცესი და ჩვენი ფუნქცია ამ პროცესში იყო ინფორმაციის გამოტანა და საზოგადოებისთვის იმის თქმა, სად მიდის ეს პროცესი და რას აკეთებს „ქართული ოცნება“. პირველივე დღიდან „ქართული ოცნება“ აპირებდა ამ კანონპროექტის დაინიცირებას, რადგან რეალურად მათ დაინახეს, რომ ის არანაირ საფრთხეს არ უქმნის მათ არაფორმალური ძალაუფლების კონსოლიდაციას, მათ შორის ეს ეხება ბიძინა ივანიშვილსაც, მაგრამ, ჩემი აზრით, არცერთი კანონი კონკრეტული ადამიანის სახელობის არ უნდა იყოს. პრობლემის მთავარი შინაარსი არის არაფორმალური გავლენა ხელისუფლების ორგანოებზე - ეს არის, მორჩა, ამის იქით ვიღაც დიდფულიანია თუ პატარაფულიანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კანონი არის ფორმალური ცნება. არაფორმალურ ძალაუფლებასთან კანონით დაპირისპირება არის წარმოუდგენელი რამ, ეს უბრალოდ შეუძლებელია.

„ქართული ოცნება“ პირველივე დღიდან ამას იყენებს ძალიან კარგ არგუმენტად. პირველივე სხდომაზე მათ წარმოადგინეს უკრაინული კანონის პროექტის თარგმნილი ვერსია და შესთავაზეს სამუშაო ჯგუფის წევრებს - „მოდით ეს განვიხილოთ, ერთადერთი მაგალითი ეს არის და რა შეიძლება დავამატოთ, რათა ჩვენთვის იყოს რელევანტურიო“. თავდაპირველი განწყობა, რასაც ასაღებდნენ იყო ეს - რომ ეს უკრაინული კანონია, მაგრამ ამას გადავამუშავებთ. კანონი [დეოლიგარქიზაციის შესახებ], რომელიც ახლა პირველი მოსმენით გავიდა, ერთ-ერთში, ციტატების დონეზე იმეორებს უკრაინულ კანონს. არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა