გიორგი ვაშაძე - ადამიანების სამ ნაწილს გამოვყოფდი, ვინც თავს გვესხმის: დაბოღმილების ჯგუფი, „ქართული ოცნება“ და კატეგორია, რომელიც ფიქრობს, უნდა ჩაერთოს თუ არა ამ ერთიანობაში

ტაქტიკური თვალსაზრისით ერთობა როგორ უნდა მოხდეს, ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, “ლელოსთან” ბევრი გვაქვს ნამსჯელი და უბრალოდ, საბოლოო პასუხი ვერ გავიგე მათ პოზიციებთან დაკავშირებით - ღია და გახსნილი ვართ ყველა მოდელზე მსჯელობისთვის, მთავარი ერთობაა,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ფორმით წარმოუდგენია ოპოზიციის ერთობა და რას ფიქრობს ამ საკითხზე “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე.

ვაშაძის თქმით, ადამიანების სამი კატეგორიაა, ვინც ოპოზიციის ნაწილის ერთობას აკრიტიკებს.

“სამ ნაწილად გავყოფდი ადამიანებს, ვინც თავს გვესხმის ან განსხვავებულ აზრს ამბობს. პირველი, ეს არის “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავს გვესხმიან. მაგალითად კობახიძე პირდაპირ გვესხმის თავს, რადგან მას ჩვენი ერთიანობის ეშინია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მეორე კატეგორია არის ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, უნდა ჩაერთონ თუ არა ამ ერთიანობაში. დარწმუნებული ვარ, სწორედ საზოგადოების ძალისხმევით ჩვენ მათ დავარწმუნებთ. მესამე კატეგორია - გამოიკვეთა დაბოღმილების ჯგუფი. რატომ იბოღმებიან? დავილაპარაკოთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. თუ ვინმე ერთიანობის გარდა უკეთეს გზას გვაჩვენებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ და იმ გზაზე წავიდეთ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისათვის, "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ისაუბრა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა პარტიების „გამსხვილება“. კითხვაზე გულისხმობს თუ არა ამაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლას და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის აღმოცენებას, დავით უსუფაშვილმა თანხმობა განაცხადა. „დიახ, ძალიან კონკრეტული ფორმულაა შეთავაზებული. „ლელო“ იმას კი არ ამბობს, მოდი, მე შემომიერთდითო. ახლა ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია „ოცნებიდან“ მიგრირების პროცესში მყოფ ამომრჩეველზე, ვისაც აქვს იმის გააზრება, რომ „ოცნებამ“ ბევრი კარგი დანაპირები გასცა, მაგრამ არ შეასრულა. ამ ხალხისთვის ახალი პოლიტიკური ძალის შეთავაზება იქნება სწორი და არა პოლიტიკური ძალებისგან რაღაცის შექმნა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო