ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის კრიტიკულ ანგარიშზე - გვეუბნებიან: „ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ“

გვეუბნებიან: „ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ“ , - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშის განხილვას, სადაც აღინიშნა, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ერთადერთ ადამიანს თვლიან ოლიგარქად და სხვა არის თუ არა ოლიგარქი, არ აინტერესებთ.

„პირდაპირაა ნათქვამი, ანუ გეუბნებიან: ჩვენ ერთადერთ ადამიანს ვთვლით ოლიგარქად, სხვა არის თუ არა ოლიგარქი, არც კი გვაინტერესებს, არც კი განვიხილავთ, პირდაპირ ვამბობთ, რომ არის ერთადერთი, ამის დამამტკიცებლად, რა თქმა უნდა, არანაირი კანონი არ მოგვაქვს, რა თქმა უნდა, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არა გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ მოვახდინოთ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით რაიმე ცვლილებები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილზე ხდება შურისძიება, რადგან საქართველოს ხელისუფლება დამანგრეველ ომში არ არის ჩართული.

„ნახეთ, როგორი ჯაჭვი იკვრება: ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ბუნებაზე და პარტნიორობაზე სალაპარაკოდ ხვდება. ბუნებრივია, ხალხი ხედავს, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ზეწოლა, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ დამანგრეველ ომში არ არის პირდაპირ ჩართული, ეს არის ყველაფერი, ამიტომ ხდება ეს შურისძიება. პოლიტიკურად ბოლშევიკური მითითებაა, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აღვიქვამთ, სხვაზე არც კი გვინდა რაიმე კანონის მიღება.

როგორც კი გადმოვიტანეთ ეს [დეოლიგარქიზაციის შესახებ] კანონი, დაინახეს, რომ ძალიან ბევრს შეეხება, ვისზეც აქვთ სამიზნე, მასზე უკვე ეჭვი შეეპარათ შეეხება თუ არა. ამიტომ ყველაფერი გვერდზე გადადეს და თითქოს, არაფერი არ მომხდარა, მათი განცხადებები არ ყოფილა, ამ კანონის მოთხოვნა არ ყოფილა და დღეს ისევ სამარცხვინო რეზოლუცია ჰქონდათ, რომელიც იქნება ევროპარლამენტის ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი, განცხადებით, რომ „მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთს განვიხილავთ“. ვინ ბრძანდებიან ეგ ბატონები, რომ მათ კანონგარეშე შეუძლიათ შეაფასონ, ვინ ვინ არის?“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარები ფარისევლურად აცხადებენ, რომ საქართველოში მხოლოდ დემოკრატია აინტერესებთ.

„როცა ფარისევლურად იძახიან, რომ საქართველოში მხოლოდ დემოკრატია გვინდა და სხვა არაფერი გვაინტერესებსო, ეს ამ პირებისგან არის ფარისევლური განცხადება. კანონს კი არ გავყვებით, რაიმე ობიექტურ საზომს კი არ გავყვებით, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა, მაგრამ არის ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებში, ამიტომ ამ მთავრობაზე მივიტანთ შეტევას და თვლიან, რომ ეს შეტევა უნდა მიიტანონ ივანიშვილის სახით. ამას თვლიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც, როცა ჩუმად შეხვდა ივანიშვილს, თორემ რა ინტერესი ჰქონდა იმ შემთხვევაში ივანიშვილთან შეხვედრისა. საუბრის შინაარსი არ ვიცით, მაგრამ აღარც არის საჭირო იმიტომ, რომ გაშიფრულია ეს ყველაფერი. დღეს ყველა ებრძვის ივანიშვილს იმიტომ, რომ ივანიშვილს თვლიან საქართველოს ომში არ ჩართვის მთავარ მიზეზად“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ევროპარლამენტარებისგან „ქართული ოცნებისთვის“ გამოგზავნილი „მესიჯი“, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდეს, ირაკლი ქადაგიშვილი პასუხობს, რომ დღეს ეს ნათელი გახდა.

„რა თქმა უნდა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ დღეს უკვე ნათელი ხდება ეს, როდესაც ოპოზიციას კი მოუწოდეს, არჩევნები შედგაო, მაგრამ ახლა ხომ ვაფასებთ ყველანი ყველაფერს, იყო დაბალანსებული მოწოდება, თან შედითო პარლამენტში და თან ძირგამომთხრელი საქმიანობა, ულტიმატუმად არ მოსთხოვეს, რომ თუ ამას გააგრძელებთ, თქვენთან საერთო არ გვექნებაო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციის ავტორმა ევროპარლამენტარებმა ივანიშვილზე სანქციებიც მოითხოვონ.

„ბოლომდე ექნებათ მცდელობა, რომ თუ ვერ აღწევენ ქვეყანაში ლეგიტიმური გზით თავის მიზნებს, მაქსიმუმი გააკეთონ, რომ ქვეყანაში უკმაყოფილება რამით დაბადონ, მათ შორის კანდიდატის სტატუსიც არ მოგვცენ. ვუშვებთ, რომ ივანიშვილზე სანქციებსაც მოითხოვენ ეს ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“. ამავე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა. ამასთან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო