პრეზიდენტი იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტი პარიზში დღეს, იუნესკოს სათავო ოფისში, იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა.

მათი ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები.

„პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მიღმა, მიზანმიმართულად ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა და არ არსებობს რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის UNESCO-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს მათ მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ UNESCO-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი.

როგორც იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები არის ასევე, რეგიონის სხვა ზონებში და UNESCO ცდილობს შეიმუშაოს ჰააგის კონვენციის ფარგლებში ახალი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მისცემს კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას.

ჰააგის კონვენცია დღევანდელ ვითარებაში ძალზედ აქტუალურია და საჭიროებს რევიზიას, იმისათვის, რომ საომარ ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად შემუშავდეს ახალი მექანიზმები.

პრეზიდენტმა კვლავ დააყენა საკითხი იუნესკომ განიხილოს თუ როგორ შეიძლება იზრუნოს და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს კავკასიურ ენათა ოჯახის ენებს.

პრეზიდენტმა იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.

შეხვედრისას პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს იუნესკოსთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს