ბადრი ჯაფარიძე - ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩვენი შედეგი დამაჯერებელი იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება - კვლევებისგან განსხვავებით, სადაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, თუ ადამიანი არჩევნებზე მიდის, ის გადაწყვეტილებას იღებს

ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩვენი შედეგი დამაჯერებელი იქნება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ გენერალური მდივანი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ლელოს“ - 1% მისცემდა ხმას.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მიდის, შესაბამისად, რეალური ციფრი იქნება სხვა.

„არჩევნების დროს 33 -35 პროცენტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ მიდის არჩევნებზე, შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით მეტია. არჩევნების დროს, გამოკითხვისგან განსხვავებით, თუ ადამიანი მიდის საარჩევნო ყუთთან ის გადაწყვეტილებას იღებს. შესაბამისად, ხვალ რომ იყოს არჩევნები ჩვენ შედეგი დამაჯერებელი იქნება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება.

ამ ტიპის გამოკვლევები ჩვენთვის ანალიზის საფუძველი უნდა იყოს, ჩვენი ამომრჩევლის განწყობილებების გამოვლენის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა ჩვენს ამომრჩევლებთან. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი გამოკვლევა, რომელიც ადგენს იმას, თუ რა აწუხებს დღეს ჩვენს მოქალაქეებს.

ჩვენი ამოცანაა, შემდეგ არჩევნებზე „ლელო“ იყოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ძალა ახალი დემოკრატიულად არჩეული მრავალპარტიული ხელისუფლების.

არ არის საკმარისი ილაპარაკო რა ცუდია დღევანდელი ხელისუფლება. ადამიანებს სჭირდებათ იცოდნენ, რას გააკეთებ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდან. ჩვენ, პოზიტიური დღის წესრიგით მივდივართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. ახლა ჩვენ დამოუკიდებლად ვართ კონცენტრირებულები ჩვენს კამპანიაზე, რასაც ჰქვია პოლიტიკის ხალხთან მიტანა, რასაც ჰქვია „ლელოს“ პოლიტიკური ხედვის მიტანა თანამოქალაქეებთან “, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, გადაცემაში ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობაში“, რაც უფრო ნორმალურად წარიმართება პროცესები, მით უფრო უკეთესი იქნება ოპოზიციური ველისთვის.

„არაკორექტულია სხვა პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ჩვენი მხრიდან მსჯელობა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ „ლელო საქართველოზე“ და ჩვენს გეგმებზე, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესების შეფასება ჩვენი საქმე არ არის, ეს თვითონ ამ პარტიის გასარკვევია. ჩვენ არანაირი შეფასების გაკეთება არ გვინდა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროდასავლური ფლანგი, ჩვენ დღეისათვის ერთმანეთის კონკურენტებად ვრჩებით. შესაბამისად, კონკურენტთან დაკავშირებით, სურვილების გამოთქმა არაკორექტულია. ჩვენი ამოცანაა „ლელოს“ ელექტორალური ბაზის გაფართოება, რაც გულისხმობს ჩვენი პარტიის კონკურენტული უპირატესობების წარმოჩენას სხვა პარტიებთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ ბევრი კონკურენტული უპირატესობა გვაქვს, ამას ბევრი ხედავს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესებს, მინდა ვუსურვო რომ ეს პროცესები წარიმართოს, რაც შეიძლება ნორმალურად, იმისათვის რომ ოპოზიციური ფლანგი არ დასუსტდეს. ჩვენ, ჩვენს კონკურენტებსაც არ ვუსურვებთ ცუდს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს