სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტი რამდენიმე ინგრედიენტს გულისხმობს - ერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე, სხვა ოპოზიციური ძალების სიძლიერე

ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტი რამდენიმე ინგრედიენტს გულისხმობს, პირველი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი და მეორე, სხვა ოპოზიციური ძალების სიძლიერე.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, ხელისუფლება ამ პარტიის დასუსტებით დაინტერესებულია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ასეთი რამ პირველად არ ხდება და არ მგონია, რომ უაღრესად დრამატულია. საბოლოოდ, ყველა პარტიის შიგნით ლიდერობისთვის ბრძოლა ნორმალური პროცესია და იქაც ასეა. დამოკიდებული იქნება, რა ფორმებს შეიძენს, რამდენად ბინძური და დამაზიანებელი იქნება პარტიისთვის. თუ ეს ასე არ იქნა, მაშინ განახლება ან ახალი თავმჯდომარის, ახალი ხელმძღვანელების არჩევა ნორმალური პროცესია. უბრალოდ, გამოწვევები აქვს ძალიან დიდი, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდეს. სახელისუფლებო არხებიდან ბოლო დღეების პროპაგანდას რასაც ვუყურებთ, ნათელია, რომ მათი ამოცანაა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, წარმოჩინდეს, რომ პარტია დასუსტდა, შიგნით არის განხეთქილება და რომ მათთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტი რამდენიმე ინგრედიენტს გულისხმობს - ერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე, სხვა ოპოზიციური ძალების სიძლიერე. ერთ-ერთი მაინც თუ არ არის, მაშინ დამარცხების რეცეპტი წარმატებული არ იქნება. ამიტომ, ვისურვებდი, ეს პროცესი ისე დასრულდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ დასუსტდეს და დრამატული ცვლილებები მოხდეს, არამედ შენარჩუნდეს, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძლიერი ალტერნატივა“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი განმარტებით, პარტიიდან ვინმეს წამოსვლა დასუსტებას არ ნიშნავს. სერგი კაპანაძის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასუსტებს განგრძობადი რყევა და არასტაბილურობა, ბრძოლა და გაურკვევლობა.

„არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი ცდილობენ პარტიაზე კონტროლი დაამყარონ. სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი მეუცნაურება. შეიძლება რაღაც მსგავსი ხდება, მაგრამ არ მგონია, ეს ამ წუთს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა იყოს. მოდით, სხვანაირად შევხედოთ -„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიშას თემა. ის ყოველთვის იყო და არის მიშას პარტია. შესაბამისად, თავის დროზე დაპირისპირების მთავარი თემა იყო მიშას როლი და პარტიაში მისი მომავალი. ჩვენ 2017 წელს გვინდოდა, რომ ის ერთპიროვნული მმართველი არ ყოფილიყო, დარჩენილიყო პარტიაში, როგორც ქარიზმატული ლიდერი, მაგრამ პარტიის მართვა უშუალოდ მის ხელში არ ყოფილიყო, რადგან აქ ფიზიკურად არ იყო. მაშინ ეს ძალიან მტკივნეულად აღიქვა „ნაციონალური მოძრაობის“ დიდმა ნაწილმა, რომლებიც მიშას ძალიან ერთგულები იყვნენ როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, ისე აქტივში. ახლა მიშა არის ციხეში, მაგრამ ეს ადამიანები არსად წასულან. მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს მიშას ირგვლივ, თან ახლა ლეგიტიმური მიზეზები აქვთ, რადგან როგორც ჩანს, სააკაშვილი მართლა მძიმე მდგომარეობაშია ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომ, ლეგიტიმურია იმის „გატანა“, რომ მთავარი ამოცანა მიშას გადარჩენა იყოს“,-განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერ დაამარცხებს. სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი სტრატეგია იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის მაქსიმალური მომზადება, ხალხთან მუშაობა და „ქართული ოცნების“ დამარცხება.

„ჩვენ 2024 წელს გვაქვს არჩევნები. არ მგონია, რომ მანამდე რაც არ უნდა უნდოდეს ხალხს ან კონკრეტულ ძალებს, ვადამდელი არჩევნები იყოს. როგორც ჩანს, არ იქნება. შესაბამისად, 2024 წლისთვის მზადება არის ყველაზე სწორი. იმ დროისთვის გამოჩნდება, რა კონდიციაში იქნება ოპოზიცია და „ქართული ოცნება“. 2024 წლამდე საბოლოოდ გაირკვევა, ევროინტეგრაციის გზაზე საერთოდ ვდგავართ თუ არ ვდგავართ, რასაც საარჩევნო პროცესზე გავლენა ექნება“,-განაცხადა კაპანაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას