გიგა ბოკერია - „ნაცმოძრაობაში“ ყველა მხარე კამათობს, ვინ არის ახლოს სააკაშვილთან - კაკო ბობოხიძემ სწორად გაიხსენა: ლენინი ქმედითუუნარო რომ იყო, შიდა ბრძოლა დაიწყო და ყველა მის სახელს იყენებდა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ ღირებულებებზე ან სტრატეგიაზე კი არ არის დაპირისპირება, ყველა მხარე კამათობს იმაზე, თუ ვინ არის ახლოს სააკაშვილთან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი არჩევნები და ამასთან დაკავშირებული პროცესი შეაფასა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ერთი ერთში ჰგავს „ქართული ოცნების“ მიდგომას ივანიშვილის მიმართ“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ ღირებულებებზე ან სტრატეგიაზე კი არ არის დაპირისპირება, არამედ გავლენაზე მხოლოდ გავლენისთვის. ამ შემთხვევაში დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პრობლემა არის ის, თუ რა არის პოლიტიკური სტანდარტი და რის დამკვიდრებასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუწყო ხელი. ეს ერთი ერთში ჰგავს „ქართული ოცნების“ მიდგომას ივანიშვილის მიმართ. ყველა მხარე კამათობს იმაზე, თუ ვინ არის ახლოს სააკაშვილთან. აქაც ხომ იგივე გვესმის - „ბატონი ბიძინა... ბიძინა“. მათივე თქმით, თითქოს სააკაშვილი არ მონაწილეობს ამ პროცესში, მაგრამ თან ერთმანეთთან ჭიდაობაში მხოლოდ მისი სახელი არის არგუმენტი, ბიძინაზეც ხომ ასეა, თითქოს არაფერ შუაშია. ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი. კაკო ბობოხიძემ სწორად გაიხსენა - ლენინი რომ ქმედითუუნარო იყო, შიდა ბრძოლა იყო და ყველა მის სახელს იყენებდა ამ პარტიაში. ეს დამანგრეველია ჩვენი საზოგადოებისთვის ევროპული განვითარებისთვის. ეს არის დასავლურის საპირისპირო განვითარება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამ მხრივ „ევროპული საქართველო“ საქართველოში ერთ-ერთი გამონაკლისია.

გარდა ამისა, ბოკერიამ ისაუბრა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ უკრაინასთან ერთად, საქართველო უნდა იყოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ნაწილი. გიგა ბოკერიას თქმით, საუბარია ნატო-ზე.

”ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხესთან მიმართებით რუსეთის ხელმძღვანელობამ მყარად იცოდეს ამას რა კატასტროფა მოჰყვება მათთვის. ახლა რაც აშშ-ს მხრიდან ისმის, ეს გამოიყურება ისე, როგორც ამ ტიპის გზავნილი. პასუხი რუსეთისთვის იქნება დამანგრეველი. უხეში ისტორიული შედარება რომ მოვიყვანოთ, რეიგანის მოსვლის შემდეგ რა გარდატეხაც მოხდა, იყო ძალის გამოყენების მზაობის დაფიქსირება აშშ-ის მხრიდან. მტერმა უნდა იცოდეს, რომ მზად ხარ“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, ამოცანა ის არ არის, რომ „ცუდი რამ მოხდეს“. ამოცანა არის, რომ „თავისუფლების მტრებმა მთელ მსოფლიოში იცოდნენ თუ რამხელა ფასს გადაიხდიან“.

„ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, რომ არ უნდა განმეორდეს შეცდომა, რომ პუტინის დამარცხებისას და ამის შემდეგ არ მოხდეს ისე, რომ არ შემოერტყას უსაფრთხოების სარტყელი რუსეთს. ისტორიული პარალელი რომ გავავლოთ, ეს ბოლომდე არ მოხდა სსრკ-ის დაშლის დროს და ამის ფასს ყველა იხდის. ამჯერად, უკრაინასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ნაწილი - ყველაზე ბუნებრივი არის ნატო და უკრაინამ ეს საკითხი დასვა. მგონია, რომ როდესაც რუსეთის დამარცხება გაფორმდება და ეს მოხდება უფრო მტკივნეული ფორმით პუტინის რეჟიმისთვის, ეს იქნება ის ფანჯარა, რა მომენტშიც აქტიურმა ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს ამ შედეგს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა