ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში დილიდან შეხვედრებს მართავენ

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში დილიდან შეხვედრებს მართავენ.

ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ „ლელოს“ და „მოქალაქეების“ დეპუტატებს და საარჩევნო საკითხებზე მათი პოზიციები მოისმინეს.

როგორც „ლელოში“ აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები უნდა გაფართოვდეს და დაემატოს ის საკითხები, რაც ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნებში რეკომენდაციების სახით არის მოცემული და მოიცავს ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში ცვლილებებს, ასევე ხმის მიცემის პროცესში მნიშვნელოვანი გარანტიების დანერგვას. როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მათ მზად აქვთ პროექტი, რომელშიც ეს საკითხებია ასახული და აუცილებელია ორი დოკუმენტის შეჯერება მოხდეს. მისივე თქმით, პრობლემაა ასევე ის, რომ ელექტრონული არჩევნები სრულად ელექტრონულად უნდა ჩატარდეს და არა დასახლებების 70 პროცენტში.

მოქალაქეების დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, ოდირის და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს კონკრეტული კითხვები ჰქონდათ, როგორც წინსვლის, ასევე ხარვეზების მიმართულებით. მისივე თქმით, მათ აინტერესებდათ, ხომ არ იწვევს პრობლემას საარჩევნო უბნების შემცირება, ასევე საუბარი იყო ელექტრონულ არჩევნებზე, რომელიც „მოქალაქეებმა“ წინსვლად შეაფასეს. რაც შეეხება ხარვეზებს, ელისაშვილის თქმით, პრობლემად რჩება საოლქო- საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების საკითხი, რომლებიც სინამდვილეში მმართველი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ და იქნებიან.

ვენეციის კომისიის და ოდირის წარმომადგენლები დღესვე შეხვედრას გამართავენ პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის და ოდირის წარმომადგენლები პარლამენტში გუშინ „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“, „რეფორმების ჯგუფს“, პარტია „საქართველოსთვის“ წევრ დამოუკიდებელ დეპუტატებს, „გირჩის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. გუშინვე მათ შეხვედრა ჰქონდათ ასევე საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, გივი მიქანაძესთან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა