არასამთავრობო სექტორი – საარჩევნო კანონმდებლობის დაგეგმილი ცვლილებებით სრულად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება

„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად დაგეგმილი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით სრულად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაციის გათვალისწინება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

„2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი რეკომენდაციების გათვალისწინება მოსთხოვა. ერთი-ერთი რეკომენდაცია საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული.

ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა.

2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სამუშაო ჯგუფის ავტორობითა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, კანონპროექტი ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. კერძოდ, უკეთესად რეგულირდება საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირების საკითხი, იზრდება საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადა, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში სავალდებულო ხდება ამომრჩევლის მარკირება, მცირდება პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვარი.

თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებებით სრულად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაციის გათვალისწინება. მაგალითად, უცვლელად რჩება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის მანკიერი წესი, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც მოქმედი კანონით მათ საპარლამენტო საქმიანობასთან გაუმართლებლად არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბურ დანერგვას, რამაც პოტენციურად დადებითი როლი შეიძლება შეასრულოს არჩევნების მიმართ ნდობის ზრდის თვალსაზრისით. თუმცა, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა. ამ კუთხით, განსაკუთრებულად პრობლემურია ის, რომ კანონპროექტი ზედმეტად ზოგადად აწესრიგებს ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების წესს, ხოლო სხვა არსებითი საკითხების გადაწყვეტას კანონმდებელი მთლიანად ცესკოს ანდობს“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო