მამუკა გამყრელიძე - ევროკავშირისთვის ქართველი ხალხის მკვეთრი პროდასავლური პოზიცია გადამწყვეტია, მაგრამ სტატუსის მიღების პროცესს პოლიტიკური კლასის რადიკალური პოლარიზაცია აზიანებს

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თბილისში ვიზიტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირიც და ევროპარლამენტიც მოწოდებულია, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების სამეულს არ გამოეყოს და ყველა პირობას გვიქმნიან, რომ ჩვენც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილის მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა გამძაფრდა, ფაქტია, რომ დასავლეთი ამ ნაწილს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვან აქტორად არ განიხილავს და მათთვის მთავარ ინდიკატორს საზოგადოების განწყობა წარმოადგენს, რომელიც ყველა კვლევის მიხედვით, მკვეთრად პროდასავლურია.

„ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკომისიის თუ ევროპარლამენტის წარმომადგენლების ყოველი ასეთი ვიზიტი, პირველ რიგში, პოზიტიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. რასაკვირველია, თითოეულ მათგანს თავისი პირადი პოზიცია აქვს, რაც შესაძლოა, ყველასთვის მოსაწონი არ იყოს, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია თავდასხმები ევროკომისრებსა და ევროპარლამენტარებზე, რასაც ჩვენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ვხედავთ. ეს თავდასხმები აზიანებს პროცესს, ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯს და მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ჩვენ უნდა დავინახოთ მთავარი - ევროკავშირიც და ევროპარლამენტიც მოწოდებულია, საქართველო არ გამოეყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების სამეულს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ უკრაინის და მოლდოვას მსგავსად, ჩვენც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ, რის შემდეგაც ევროკავშირთან დაახლოების დიდი და ხანგრძლივი სამუშაო პროცესი დაიწყება, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს.

ევროკავშირის მოხელეების კრიტიკის ნაცვლად, უმჯობესია, ვიპოვოთ ძალა და დავასრულოთ პოლარიზაცია. ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები - დღეს ეს არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება,“ - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა