„ქართული ოცნების“ მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული ვერსიის კოპირება საქართველოში დეოლიგარქიზაციას არ მოემსახურება და პირიქით, ჩადგება ოლიგარქიის სამსახურში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოლიგარქია ხელისუფლებაშია და დეოლიგარქიზაციის კანონი სწორედ ოლიგარქიის განმტკიცებას ემსახურება.
„როცა უკრაინაში ამ კანონს იღებდნენ ზელენსკის ამოცანა იყო, რომ ოლიგარქიისგან დაეცვა ხელისუფლება. დღეს საქართველოში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია იგივე ამოცანას, იგივე პრინციპებზე დაყრდნობით ეს კანონი ვერ ასრულებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, მხარს არ ვუჭერთ ამ კანონპროექტს, რადგან დეოლიგარქიზაციის ნაცვლად, ემსახურება ოლიგარქიის განმტკიცებას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძემ ასევე ისაუბრა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში დაბარებაზე და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ პრემიერთან მწვავე კითხვები ექნება.
„რამდენიმე მთავარი საკითხი გვაქვს - რას აკეთებს მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამაზე გვჭირდება ანგარიში და ასევე, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ რუსეთი ეკონომიკას, ენერგორესურსებს იყენებს თავისი სამხედრო და იმპერიული მიზნების მიღწევისთვის, რატომ არის, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება, ენერგოდამოკიდებულება, სასურსათო დამოკიდებულება იზრდება რუსეთზე, რატომ არ ხდება დივერსიფიცირება და რაც დრო გადის საქართველო უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ჩვენს მიერ არის მოწვეული პრემიერ-მინისტრი, იქნება ძალიან მწვავე, საქმიანი კითხვები პრემიერ-მინისტრთან და მას მოუწევს ამაზე პასუხისმგებლობა და ანგარიშის ჩაბარება ხალხისთვის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.