ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რატომ იღებს მთავრობა ვალს შიდა ბაზარზე და როგორია პოლიტიკა ამ მიმართულებით

მას შემდეგ, რაც ვალის დონე აღვადგინეთ უსაფრთხო დონეზე, ვალის მართვის მთავარ ამოცანად ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება წარმოადგენს. შექმნილი გლობალური და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები საკმაოდ ხელსაყრელია ამ ამოცანის შესასრულებლად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა, რითაც განმარტა რატომ იღებს მთავრობა ვალს შიდა ბაზარზე და როგორია პოლიტიკა ამ მიმართულებით.

მისი თქმით, უცხოურ ვალუტაში სესხება, ერთი შეხედვით, უფრო იაფი ჩანს დაბალი ნომინალური პროცენტის გამო, თუმცა ამ სესხებას ყოველთვის თან ახლდა სავალუტო რისკი.

„ოპონენტებისგან და ექსპერტებისგან ხშირად მომისმენია, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვამბობთ უარს „იაფ“ საგარეო სესხებზე და ვიღებთ „ძვირ“ საშინაო ვალს. მას შემდეგ, რაც ვალის დონე აღვადგინეთ უსაფრთხო დონეზე, ვალის მართვის მთავარ ამოცანად ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება წარმოადგენს. შექმნილი გლობალური და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები საკმაოდ ხელსაყრელია ამ ამოცანის შესასრულებლად. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში საპროცენტო განაკვეთები იკლებს, რაც ბოლო პერიოდში გამართული აუქციონის შედეგებიდანაც ჩანს. ისტორიულად, უცხოურ ვალუტაში სესხება, ერთი შეხედვით, უფრო იაფი ჩანს დაბალი ნომინალური პროცენტის გამო, თუმცა ამ სესხებას ყოველთვის თან ახლდა სავალუტო რისკი, რაც საშუალოდ, პანდემიამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 პროცენტს შეადგენდა“, - აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახლა უცხოურ ვალუტაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად იმატებს.

„ადრე თუ საშუალოდ ეს მაჩვენებელი 1,6 პროცენტს შეადგენდა, 2023 წლისათვის 4-5 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო სავალუტო რისკი, შექმნილი რისკების ფონზე, მინიმუმ იგივე დონეზე იქნება შენარჩუნებული. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში, თუნდაც დონორების დაფინანსება, სავალუტო რისკების გათვალისწინებით, უკვე აღემატება ლარში საპროცენტო განაკვეთებს“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ლარში დაფინანსებაზე, რაც ხარჯის გარდა, ხელს შეუწყობს ვალის პორტფელის დივერსიფიცირებას, სავალუტო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საშუალოვადიან პერიოდში ვალის მომსახურების ხარჯების შემცირებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა