სოზარ სუბარის განცხადებით, თუკი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ დემოკრატიული წინსვლა ადამიანების წამებაა, „მაშინ სჯობს, დავრჩეთ ამ დემოკრატიულ უკუსვლაში“

თუკი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ დემოკრატიული წინსვლა არის ადამიანების წამება, მაშინ სჯობს, დავრჩეთ ამ დემოკრატიულ უკუსვლაში, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტერმინი "დემოკრატიული უკუსვლა", რომლის დამკვიდრებას დიდი ხანია ცდილობენ გარკვეული პოლიტიკოსები და და რომელიც ამერიკის სენატშიც გაჟღერდა და ეუთოს დოკუმენტშიც "შეაპარეს ისე, რომ არაფერ შუაში არ ყოფილა", არის მოგონილი ტერმინი და შინაარსისგან დაცლილი, რადგან, მისივე თქმით, საქართველოში არის დემოკრატიის ის დონე, რომელიც არასდროს ყოფილა.

სუბარი ამბობს, რომ თუკი აშშ-ის დახმარების ეს ნაწილი, რაც "ენჯეო" სექტორზეა მიმართული და საუბარია 80 მილიონზე, შემცირდება და "თუკი არ დაიწყებენ ამერიკელი ინსტიტუტები ქართველი "ენჯეოშნიკების" და ოპოზიციის დაფინანსებას, საქართველოში ეკონომიკური ზრდა იქნება”.

"სტრატეგიული პარტნიორისგან ჩვენ ველოდებით მართალ სიტყვას, როცა ლაპარაკობენ დემოკრატიულ უკუსვლაზე და მისტირიან ციხეში წამებას და მკვლელობებს, 150 კაცი რომ კვდებოდა ციხეში, ბოდიში - ეს დრო ვერ დაბრუნდება, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს. ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა, როცა ამას ვიღაც მისტირის. ქალბატონი შაჰინი იყო ერთ- ერთი ადამიანი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, რომ კრიმინალები, რომლებიც იყვნენ სისტემური წამების შემოქმედნი ამ ქვეყანაში, არ უნდა ჩაგვესვა ციხეში. ჰოდა, თუკი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ცდილობს (წარმოაჩინოს), რომ დემოკრატიული წინსვლა არის ადამიანების წამება, მაშინ სჯობს, დავრჩეთ ამ დემოკრატიულ უკუსვლაში. წამება ვერ განმეორდება! მინიმუმ კვირაში ორჯერ დავდიოდი ციხეებში, ყველა ნაწამები პატიმარი ჩემი თვალით მყავს ნანახი. შესწავლილი მაქვს პატიმრების გარდაცვალების მიზეზები და შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მოხსენებებში. ეს თუ არის დემოკრატიული წინსვლა, ბოდიში მომითხოვია, მსგავს "დემოკრატიულ წინსვლებს" ვერავისგან მივიღებთ“, - განაცხადა სუბარმა.

დეპუტატს ასევე ჰკითხეს მის მიერ არასამთავრობო სექტორის კრიტიკაზე და წარსულში ამ მიმართულებით მისი საქმიანობა შეახსენეს.

კერძოდ ჟურნალისტმა მას ჰკითხა - იმის გათვალისწინებით, რომ 2004 წელს დაფინანსება აქვს თავად მიღებული "თავისუფლების ინსტიტუტისგან" 12 000 ლარის ოდენობით, ასევე გამოხატვის თავისუფლებაზე წიგნია გამოცემული მისი რედაქტორობით, ხოლო ჟურნალისტურ საქმიანობაში ტრენინგი აქვს ჩატარებული ე.წ. სოროსის ფონდისთვის, როგორ ფიქრობს ახლანდელი გადმოსახედიდან, მაშინაც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ ეს ორგანიზაციები და ამაში მონაწილეობდა თუ არა თვითონაც, რაზეც სუბარი პასუხობს, რომ ჟურნალისტი ორ სხვადასხვა რამეს ურევს ერთმანეთში.

ამასთან, სუბარი დაინტერესდა, ხომ არ "შეიარა ტრენინგზე" კელი დეგნანმაც.

"როცა ტრენინგი ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, როგორ მოახდინონ გადატრიალება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ტრენინგის დაფინანსება და შეგიძლიათ გამოიძიოთ ვისგან ფინანსდებოდა. სხვათა შორის, ჩვენ დავუსვით მაშინ ქალბატონ კელი დეგანანს კითხვა, ხომ არ შეიარა შემთხვევით იმ ტრენინგზე, სადაც ხდებოდა დატრენინგება სახელმწიფო გადატრიალების, თუ მშვიდობიანი რევოლუციის და პასუხი არ მიგვიღია. კარგი იქნება თქვენც თუ კითხავთ ქალბატონ დეგნანს, იქნებ მიიღოთ მკაფიო და გამჭვირვალე პასუხი, ერთმნიშვნელოვანი და არა ისეთი, როგორც ივანიშვილთან შეხვედრაზე გვითხრა, დიდი ხანია არ შევხვედრივარო და დამალა, რომ 24 თებერვლის შემდეგ შეხვდა და თან ძალიან მალე. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ისინი კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ როცა ქალბატონი გიგაური ამბობს, რომ არავინ უნდა იცოდეს მათი დაფინანსება რაში იხარჯება და რამდენი აქვთ მათ ხელფასი, ეს ორმაგი სტანდარტია. როცა არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან მიტინგზე და ამბობენ რომ ღარიბაშვილს 24 საათს აძლევენ გადადგომისთვის და წინააღმდეგ შემთხვევაში მოაწყობენ რევოლუციას და არეულობას, ეს ანტისახელმწიფოებრივია და თუ ვინმე ამას აფინანსებს, ეს არის არასწორი“, - განაცხადა სუბარმა.

დეპუტატს ჰკითხეს ასევე მის განცხადებაზე, რომლის თანახმად "ევროპამ მიაღწია დეგრადაციის იმ ეტაპს, როცა ბავშვებისთვის იქნება ლგბტ ბაღები", ჟურნალისტი დაინტერესდა, სად არის ასეთი ბაღები, რაზეც სუბარის პასუხი იყო, რომ "არაერთ ქვეყანაში არის დამკვიდრებული, რომ როცა ბავშვი 18 წელს არ არის მიღწეული, ასმევენ წამლებს, რომელიც ხელს უწყობს მისი სქესის შეცვლას, ეს არის დაუშვებელი და ეს არის გარყვნილება",- განაცხადა სუბარმა.

კითხვას, სად ხდება ეს, სუბარმა არ უპასუხა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს