თენგიზ ფხალაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე -  თუ ვინმეს ჰგონია, რომ აშშ-ს დაფინანსების დიდი ნაწილი NGO-ებზე მოდის, ეს ძალიან დიდი შეცდომაა და არ მგონია, პარლამენტის წევრმა ამდენი არ იცოდეს

თუ ვინმეს ჰგონია, რომ აშშ-ს დაფინანსების დიდი ნაწილი NGO-ებზე მოდის, ძალიან დიდი შეცდომაა და მე არ მგონია, პარლამენტის წევრმა ამდენი არ იცოდეს - როგორც მინიმუმ, ეს განცხადება არაკომპეტენტურია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტმა, თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომ „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო“.

მისივე განცხადებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების უდიდესი ნაწილი, მათ შორის, უსაფრთხოების პროგრამები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსდება და ეს განცხადება როგორც მინიმუმ, არაკომპეტენტურია.

რაც შეეხება საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით სენატორ შაჰინის განცხადებას - როგორც თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, სიტყვა „პირობითი“ საქართველოსთან დაკავშირებით პირველად არ გაჟღერებულა. მისი განმარტებით, ეს ტერმინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დროს გამოიყენეს და მას შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, ეს ყველაფერი ლოგიკური შედეგია.

„მოდით სხვანაირად დავსვათ კითხვა - ჩვენს ნომერ პირველ პარტნიორს რატომ აქვს ის აღქმა და შთაბეჭდილება, რომ საქართველოში რაღაც არასწორად ხდება. ალბათ, ასე უნდა დავსვათ კითხვა და არა ისე, სამართლიანია თუ არა. რატომ მივიყვანეთ ვითარება იქამდე, რომ ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან ამ საკითხებზე ვლაპარაკობდეთ და ძალისხმევას ვკარგავდეთ იმ რაღაცებზე, რაზეც არ უნდა ვკარგავდეთ. საბოლოო ჯამში, საკითხი ეხება, თუ როგორ გახდეს საქართველო უკეთესი და მხოლოდ და მხოლოდ ამაში სურთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება,“ - აღნიშნავს ფხალაძე.

მისივე შეფასებით, საქართველოს ყველა პარტნიორს უნდა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ისინი ჩვენგან რეალური შედეგის დადებას ელიან.

„დღეს ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ თავის მართლებაზე, სხვის დადანაშაულებაზე. დღეს ყველა ელოდება ჩვენგან, რომ რეალურად დავდებთ შედეგს. მერწმუნეთ, რომ საქართველოს მიმართ განწყობა არის ის, რომ ძალიან უნდათ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ჰქონდეს. დამერწმუნეთ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს გარდა ვერავინ გააკეთებს. ყველანაირი ხელშეწყობა, ყველანაირი დახმარება გვექნება. უნდა გავაკეთოთ ის, რაც 12 პუნქტში წერია. ამას ვაკეთებთ არა ევროკავშირისთვის, არა შეერთებული შტატებისთვის, ამას ვაკეთებთ ჩვენთვის. ამიტომ ნაკლები დრო დავკარგოთ ამ ლაპარაკში და მტყუან-მართალის გარკვევაში, მითუმეტეს, ჩვენს პარტნიორებთან, რომ მათ თურმე ცუდი თვალით შემოგვხედეს, ვიღაცის მეგობრები არიან და ა.შ. შევისმინოთ, რასაც ამბობენ. ეს ხდება ჩვენი ქვეყნისთვის და გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს. ეს შესაძლებლობა, რაც დღეს გვაქვს, არის უნიკალური. ყოველთვის ეს არ იქნება. დღეს, როდესაც გერმანიის კანცლერი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა ინტეგრირდეს, ამის არგამოყენება არის წარმოუდგენელი. რომ უყურებ რაში იკარგება საქართველოში ძალისხმევა, მართლა ძალიან რთული ვითარებაა,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა, ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს