მე არ მგონია, რომ ორგანიზაცია „ემპათია“ სახელმწიფოზე უფრო ემპათიური იყოს - პატიმრის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი წყდება პენიტენციური სისტემის დონეზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სააკაშვილის დიაგნოზი მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს.
„ვფიქრობ, რომ თუ შესაბამისი ინსტიტუციები ჩათვლიან საჭიროდ, რომ დამატებითი მკურნალობა ან რაიმე ღონისძიება უნდა განხორციელდეს, რომ პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს, ამას განახორციელებენ. პატიმრის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი წყდება პენიტენციური სისტემის დონეზე,“ - განაცხადა დავითულიანმა.
დავითულიანი ასევე გამოეხმაურა EPP-ის მიერ მომზადებულ პროექტს და აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ პოლიტიკურად მიკერძოებულია.
„უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ EPP („ევროპის სახალხო პარტია“) არის პოლიტიკურად მიკერძოებული პოლიტიკური ჯგუფი, რომლის პარტნიორიც საქართველოში არის „ნაციონალური მოძრაობა“, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია გაფართოებაზე ჩვენ მოგვცა 12 რეკომენდაცია, მათ შორის არის დეოლიგარქიზაცია, რაზეც კანონი მივიღეთ და ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და თუ ვინმეს სანქცია უნდა დაუწესდეს, უკრაინული კანონის ანალოგი განსაზღვრავს, ვინ არის ეს და ამას ვერ განსაზღვრავს ვერც EPP, ვერც მე და ვერც თქვენ,” - განაცხადა დავითულიანმა.