თეონა აქუბარდია - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებზე ცალსახად გვეუბნებიან, რომ საქართველოდან დამაბნეველი გზავნილები მოდის და ეს აზიანებს ნატო-სკენ სწრაფვას

ცალსახად გვეუბნებიან, რომ დამაბნეველი გზავნილები მოდის საქართველოდან და ეს აზიანებს საქართველოს სწრაფვას ნატო-ში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, ქალაქ მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას, ჩართვის დროს განაცხადა.

აქუბარდიამ მაგალითად მოიყვანა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ნატო-ში წევრობა მიუღწეველია იქამდე, სანამ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას არ აღადგენს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნულ განცხადებას „ძალიან დამაზიანებელი“ უწოდა.

„პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება ძალიან დამაზიანებელია ნატო-საქართველოს ურთიერთობის კუთხით. მან თქვა, რომ ნატო-ში წევრობა იქამდე, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება, მიუღწევადია. ეს პირდაპირი გამეორებაა რუსული ნარატივის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, რომ შეეჩერებინათ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველგან, სადაც არის უკრაინა და მისი ტერიტორიული მთლიანობა, აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები საქართველოც.

„ყველამ კარგად იცის, რა ვითარებაა სახლში და კიდევ ერთხელ გვეუბნებიან, რომ ეს მდგომარეობა უნდა მოვაგვაროთ ჩვენ. რეფორმების განხორციელებაში დაგვეხმარებიან, მაგრამ პოლიტიკური ნება თუ არ იქნება და ვხედავთ რომ ის არ არის, ძალიან რთულია რაიმეს შეცვლა - რეზოლუციებში და ტექსტებში ჩანაწერები არ მიგვიყვანს ნატო-ს წევრობამდე. შესაბამისად, დიპლომატია უნდა იყოს გამყარებული რეფორმებით, მოქმედებებით ისევე, როგორც შესაბამისი ნარატივებით. „ქართული ოცნების“ მხრიდან ნარატივი რომ არის არც ნატო-ს და არც ევროკავშირის მომხრე, ეს ძალიან ცხადია.

ცალსახად გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის რეფორმები მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ასევე გვეუბნებიან, რომ დამაბნეველი გზავნილები მოდის საქართველოდან და ეს აზიანებს საქართველოს სწრაფვას ნატო-ში. კონკრეტულ გზავნილებზე როდესაც არის საუბარი, სწორედ ამაზეა ლაპარაკი - იქნებიან ეს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ თუ მათი მთავრობა. პირდაპირ გვეკითხებიან, თუ როგორ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ძალიან მძიმეა ამის მოსმენა, როდესაც პარტნიორებს აქვთ ასეთი კითხვა უკრაინასთან დაკავშირებით. ასევე კითხვები აქვთ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოშვებასთან დაკავშირებით. ყველა ის კითხვა, რომელიც ისმება, მომდინარეობს უარყოფითი ფონიდან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო, რომელიც მართლა ჩემპიონი იყო რეფორმების კუთხით და ასევე სამაგალითო, ახლა.... და ისეთი კითხვები ისმის საქართველოსთან მიმართებით, რომელიც იყო წარმოუდგენელი წლების წინ.

მთავარი პრობლემა არის დამოკიდებულება. მაშინ, როდესაც დასავლეთი არის ერთიანი უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს საგარეო ვექტორზე წარმატების განსახორციელებლად ორი რამ მოეთხოვება - ერთი არის სახლში დემოკრატიული რეფორმები და მეორე არის უკრაინის მხარდაჭერა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ჩნდებოდეს ჩვენს პარტნიორებში. დღეს რომ კითხვები არსებობს, თუ რას ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. ირაკლი ბერაიასთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან. მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა