სოზარ სუბარი - ვენეციის კომისიის საიტის თანახმად, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი არავის გაუწვევია - თუ კელი დეგნანის განცხადება მითითებაა, რომ კანონი სასწრაფოდ გაიწვიონ და კომისია მას ემორჩილება, ეს არ ვიცი

ვენეციის კომისიის საიტის თანახმად, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი იქ არის და არავის გაუწვევია - თუ კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადება ერთგვარი მითითებაა, რომ კანონი სასწრაფოდ გაიწვიონ და ვენეციის კომისია დეგნანს ემორჩილება, ეს არ ვიცი, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მოძრაობა “ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისივე თქმით, თუკი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინულ კანონს ვენეციის კომისიის დასკვნა არ სჭირდება, ესე იგი, ის არც საქართველოს კანონს სჭირდება, ხოლო თუ უკრაინის კანონს ვენეციის კომისიის დასკვნა სჭირდება, ეს დასკვნა ავტომატურად საქართველოს კანონზეც გავრცელდება.

“რადიკალურმა ოპოზიციამ “დეოლიგარქიციზაციის შესახებ“ კანონპროექტის საკუთარი ვერსია წამოადგინა. ძალიან იწვალეს, მაგრამ ვეღაფერს მიაღწიეს - პრაქტიკულად გამოუვიდათ ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონი. უნდოდათ ისეთი კანონპროექტი დაეწერათ, რომ ბიძინა ივანიშვილზე მოერგოთ, მაგრამ ესეც ვერ შესძლეს, რადგან ყოველგვარ სამართლებრივი ლოგიკის წინააღმდეგ წასვლა, შეუძლებელია. დღეს კელი დეგნანის განცხადება მოვისმინეთ, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ საკუთარი კანონი ვენეციის კომისიიდან გაიწვია, თუმცა კომისია ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამბობდა, რომ მას დასკვნა მზად ჰქონდა. ჯერ ერთი, გაუგებარია ამ დასკვნის უკრაინაში გაგზავნას ამდენი ხანი რატომ დასჭირდა. მეორეც, ვცადეთ კელი დეგნანის ინფორმაციის გადამოწმება. ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია ვერსად მოვიძიეთ - ვერც უკრაინელებისგან, ვერც ვენეციის კომისიისგან. უკრაინულ კანონს აქვს ძალიან მაღალი და დადებითი შეფასება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან და გაუგებარია ის, რაც კარგია უკრაინისთვის, რატომ არ უნდა იყოს კარგი საქართველოსთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა დღეს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონპროექტზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, რომელიც მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან კარგი რჩევაა. ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. ეს არის კანონის ახალი სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე“, - აღნიშნა ელჩმა.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი