საქართველოს და ნიდერლანდების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ერთობლივი მოსმენა გამართეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების პარლამენტის სენატის და ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა, ევროპის, ნატო-ს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომების მუშაობაში, რომელიც საქართველოს საკითხს ეძღვნებოდა.

მათივე ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი მიმოიხილა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიდერლანდელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა მათ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისკენ. ნიდერლანდელმა კანონმდებლებმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მათი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„მოხარული ვარ, რომ ნიდერლანდების სამეფოში ჩვენს ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ინტერესი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ პარლამენტის ორივე პალატამ ჩაატარა მოსმენები საქართველოს შესახებ, სადაც მქონდა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული ნაბიჯების და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენმა ნიდერლანდელმა კოლეგებმა კვლავ დაგვიდასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. აღნიშნულ მოსმენებს ასევე ესწრებოდა ნიდერლანდების მმართველი კოალიციის და ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მობილიზაციის კუთხით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა