ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს არ აქვს რაიმე ფარული მიზნები, გარდა მშვიდობისა და სტაბილურობისა სამხრეთ კავკასიაში

ყოველთვის აღვნიშნავ ჩვენს ნატო-ს პარტნიორებთან, რომ უნდა ვიყოთ რუსებზე ჭკვიანები, რადგან უნდა დავარღვიოთ რუსეთის მიერ შექმნილი მანკიერი წრე. რუსებს უნდა ვაჯობოთ ჭკუაში, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, რუსეთი არ გაჩერდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ Commonspace.eu-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც საუბარია საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე, საქართველოს ურთიერთობებზე რუსეთთან და უკრაინასთან და ქართული რაგბის ბოლო წარმატებებზე.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთი ყოველთვის თავს ესხმის თავის მეზობლებს, რომლებიც არ არიან უსაფრთხოების არც ერთი ალიანსის წევრები და საქართველო და უკრაინა ყველაზე ნათელი მაგალითია.

„სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით რუსეთის პოლიტიკის მძევლად, რაც გამოიხატება სუვერენული სახელმწიფოების, როგორიცაა საქართველო და უკრაინა ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში. ნატოს პრობლემა არის ის, რომ რაც 14 წლის წინ მოხდა, გადაუჭრელია და ჩემი აზრით, ეს რუსული ფაქტორის გამოა. მოკავშირეთა უმეტესობას ეშინია რუსეთის რეაქციის, რაც მოჰყვება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას და მე ვფიქრობ, რომ რუსეთს ფაქტობრივად ყველა ჩვენ მძევლად ვყავართ აყვანილი.

მე ყოველთვის აღვნიშნავ ჩვენს ნატო-ს პარტნიორებთან, რომ უნდა ვიყოთ რუსებზე ჭკვიანები, რადგან უნდა დავარღვიოთ რუსეთის მიერ შექმნილი მანკიერი წრე. რუსებს უნდა ვაჯობოთ ჭკუაში, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, რუსეთი არ გაჩერდება. უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთი ყოველთვის თავს ესხმის თავის მეზობლებს, რომლებიც არ არიან უსაფრთხოების არც ერთი ალიანსის წევრები და საქართველო და უკრაინა ყველაზე ნათელი მაგალითია.

რაც შეეხება საქართველოს გზას ნატოსკენ, ვფიქრობ, არ არსებობს კითხვები ნატოსთან საქართველოს თავსებადობასა და ურთიერთშეთანხმებასთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებს. ფაქტია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტი ნატოს სხვადასხვა სამეთაურო მისიებში მსახურობდა. ჩვენი მოთხოვნა ნატოს მიმართ ყოველთვის არის, მოგვცეს მკაფიო გზა გაწევრიანებისკენ და ჩვენ კითხვას წარმოადგენს, თუ რა უნდა გაკეთოს საქართველომ, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. 14 წლის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება დარწმუნება და ეს დარწმუნება მხოლოდ განცხადებებიდან არ უნდა მოდიოდეს. ეს უნდა იყოს გამყარებული ქმედებებით, რომლებიც აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის“ - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

შეკითხვაზე, მეტი რის გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოს მხარდასაჭერად, სამხარაძე აღნიშნავს, რომ საქართველო ბევრს მუშაობს რეკომენდაციების განსახორციელებლად.

„უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ, რომ ივნისის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ისტორიული გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენ ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით იმის გამო, რომ არ მივიღეთ იგივე სტატუსი, რაც უკრაინამ და მოლდოვამ. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ჩვენ ძირითადად ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინასა და მოლდოვას, რადგან მათ მიიღეს კანდიდატის სტატუსი პირობებით, ჩვენ მივიღეთ პირობები სრულფასოვანი სტატუსისთვის და ეს პირობები ძირითადად სხვების პირობების მსგავსია. ამიტომ, ჩვენ ახლა ძალიან ბევრს ვმუშაობთ რეკომენდაციების განსახორციელებლად და ჩვენი ვადების მიხედვით, რეკომენდაციების შესასრულებლად მზად ვიქნებით ახალი წლის დასაწყისისთვის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ევროკომისიისა და შემდეგ ევროპული საბჭოს მხრიდან დადებითი შეფასების. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, სხვა ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ასევე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ბოლო ვიზიტმა ძირითადად დაგვარწმუნა, რომ ამ 12 რეკომენდაციის განხორციელებით საქართველო მომავალ შემოდგომაზე აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურად შესაძლებელია ბრიუსელის, ვაშინგტონის და მოსკოვის ჩრდილის ქვეშ აღმოჩნდეს, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და ეს არის ნდობა და ავტორიტეტი როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის დედაქალაქებში.

„საქართველოს ერთნაირად პატივს სცემენ ერევანშიც და ბაქოშიც და ერთნაირად ენდობიან ერევანსა და ბაქოში. არც ერთ სხვა მოთამაშეს ჩვენს ირგვლივ, არც ერთ დიდ რეგიონალურ ძალას არ აქვს იგივე ნდობა და ავტორიტეტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვედით მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივით და ამ ინიციატივას მხარს უჭერს როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი. ახლახან საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ მაღალი დონის სომხური და აზერბაიჯანული დელეგაციები, რომლებიც ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა და მე მჯერა, რომ არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამომწურავი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ხელს შევუწყობთ, შევასრულებთ შუამავლის როლს, რადგან საქართველოს ინტერესებშია, რომ რეგიონში საბოლოოდ დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა. მჯერა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ერევანსა და ბაქოში ასევე იციან, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე ფარული მიზნები გარდა მშვიდობისა და სტაბილურობისა სამხრეთ კავკასიაში. ასე რომ, ჩვენ ვიქნებით ძლიერ აქტიურები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზოგიერთ მეზობელს ჩვენი აქტიურობა ამ კუთხით არ მოეწონოს“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალს, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ძალიან პირქუშია, პერსპექტივა არასახარბიელოა და მთავარი მიზეზი არის ის, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.

„სანამ ეს ტერიტორიები არ იქნება დეოკუპირებული, სანამ რუსული ჯარები არ იქნება გაყვანილი საქართველოს ტერიტორიიდან და სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია არ მოხდება. სამწუხაროდ, როგორც ახლა ვხედავთ, რუსეთის აგრესიული პოზიცია მეზობლების მიმართ არ შეცვლილა. ამიტომ არ ველოდები, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში შეიცვლის თავის დამოკიდებულებას და ამიტომ ვერ ვხედავ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების რეალურ შანსებს“, - აცხადება ნიკოლოზ სამხარაძე.

კითხვაზე, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ, რომელიც კვლავ რჩება ევროკავშირისა და ნატოს მიღმა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნიკოლოზ სამხარაძე პასუხობს: „ვფიქრობ, რომ უკრაინის მიმართ განხორციელებულმა რუსეთის აგრესიამ ახლა ყველას დაანახა, რომ შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის უსაფრთხოებაში და ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებაში“.

„საქართველოს, როგორც ერთ-ერთ სანაპირო სახელმწიფოს, შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ძალიან უცნაურია, რომ ნატო-ს აქამდე არ გააჩნდა შავი ზღვის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რუსეთის აგრესიული მოქმედება მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ისინი სხვაგანაც გააგრძელებენ იგივე ქმედებებს. სამწუხაროდ, მაშინ არავინ მოგვისმინა ყურადღებით და ახლა ჩვენ მართლები აღმოვჩნდით. ასე რომ ახლა, როდესაც ყურადღება გამახვილებულია ჩვენს რეგიონზე და შავ ზღვაზე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებით რუმინეთში, ვფიქრობ, რომ საქართველოსაც შეუძლია ამაში წვლილი შეიტანოს და ასევე შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მაგრამ იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, ჩვენ გვჭირდება ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა, რადგან საქართველო ცალკე არის დაუცველი და შეიძლება იყოს ნატოსთვის ტვირთი და არა ძლიერი ძალა; და საქართველო ნატოს ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის იქნება ძლიერი ძალა და არა ტვირთი“, - განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მართლაც დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, უკრაინამ დაადანაშაულა საქართველო რუსეთის მიმართ სუსტ რეაგირებაში, უკრაინას და უკრაინელებს ემახსოვრებათ მათი გაჭირვების ჟამს საქართველოსა და ქართველების მიერ გაწეული დახმარება? ნიკოლოზ სამხარაძე პასუხობს, რომ უკრაინელ ხალხს ემახსოვრება არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, არამედ პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.

„ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ემახსოვრება ჩვენი დახმარება, არა მხოლოდ ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება, არამედ ჩვენი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა. ამჟამად საქართველოში 30 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება და თითქმის ყოველკვირეულად ვიღებთ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში დასასვენებლად და ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობისთვის.

რაც შეეხება უკრაინის პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ წრეებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით მათ შეფასებას. უკრაინაში განხორციელებულ რუსეთის აგრესიაზე საქართველოს პასუხი იყო ძლიერ მტკიცე. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას ან გამოვედით რეზოლუციის თანაავტორი გაეროს უშიშროების საბჭოში, ევროპის საბჭოში, ეუთოში, ყველა საერთაშორისო ფორუმზე. იმ ქვეყანამ, რომელიც ნაწილობრივ ასევე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღეს უკრაინის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დაუცველია რუსეთის თავდასხმისგან, ვფიქრობ, უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იციან უკრაინის პარლამენტში, უკრაინელმა დიპლომატებმა და ზოგადად უკრაინელმა ხალხმა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მძიმე დაბომბვის პირობებში არ მოახდინა თავისი საელჩოს ევაკუაცია კიევიდან. კიდევ მხოლოდ ვატიკანი იყო, თუ სწორად მახსოვს.

ასე რომ, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან კავშირები ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ძალიან ძლიერია და სოლიდარობა ძალიან ძლიერია. ერთეული პოლიტიკოსების ზოგიერთი სამწუხარო განცხადება ამ ურთიერთობებს ვერ დააზარალებს“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

ჟურნალისტი ქართული სპორტითაც დაინტერესდა. კითხვაზე - 19 ნოემბერს საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა უელსის რაგბის ნაკრებთან კარდიფში, Principality Stadium-ზე. როგორ ფიქრობთ, ეს შედეგი შეცვლის სამომავლოდ ქართულ რაგბს და ზოგადად ქართულ სპორტს? ნიკოლოზ სამხარაძე პასუხობს: „უპირველეს ყოვლისა, ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან საქართველომ გასვლით მატჩში პირველად დაამარცხა პირველი რიგის მორაგბეთა ქვეყანა“.

„ჩვენ ასევე დავამარცხეთ პირველი დონის რაგბის გუნდი საშინაო მატჩში წელს და ასე რომ, ეს 2022 წელი ფანტასტიკურ წლად იქცა ქართული რაგბისთვის, რადგან ჩვენმა გუნდმა დაამარცხა იტალია და უელსი. ეს იქნება დიდი სტიმული ქართული რაგბისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რადგან ახალგაზრდა თაობას ახლა ნამდვილად შეუძლია იოცნებოს Six Nations-ში თამაშზე და მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან რეგულარულად თამაშებზე. ასე რომ, ეს არის არაჩვეულებრივი გამარჯვება ქართული რაგბისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის. ქართული ფეხბურთიც კარგად ვითარდება - გვყავს ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია - ძალიან კარგად ვითარდება ქართული კალათბურთიც და ვფიქრობ, აღნიშნული სპორტული წინსვლები ფეხდაფეხ მიჰყვება ქვეყნის ზოგად განვითარებას“, - განაცხადა სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს