არჩილ თალაკვაძე - დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია -  „ბლეფია“, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს

დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია, სირცხვილია უბრალოდ - „ბლეფია“, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ძალიან სწორი პოზიცია აქვს.

„მე მგონი, დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც შენ მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ ის არის არალეგიტიმური, ის არის გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსული, არ აღიარებ. ათას შეურაცხყოფას აყენებენ სალომე ზურაბიშვილს. დღეს ეს ხალხი ქალბატონ სალომეს მოუწოდებს, რომ დეპოლარიზაციისთვის იქნებ სააკაშვილი შეიწყალოთო. ეს უბრალოდ სირცხვილია.

ჩემი რჩევა [სალომე ზურაბიშვილს] არ სჭირდება. ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა. მას არ სჯერა, რომ პირველი - დეპოლარიზაცია ამაზე არის დამოკიდებული და მეორე - არ უნდა მართლმსაჯულებაში ჩარევა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, სააკაშვილმა სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა მოიხადოს. მისივე თქმით, თუ დღეს კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ იქნება, ხვალ ჩვენ მახინჯი მართლმსაჯულება გვექნება.

როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაძაბულობის შესაქმნელად ჩამოვიდა.

„დეპოლარიზაცია არის პოლიტიკური საკითხი, სააკაშვილის საკითხი არის მართლმსაჯულების საკითხი. ამ ორის აღრევა ერთმანეთში ზუსტად წინა ხელისუფლების პრობლემა იყო და ევროპა არასდროს დაუშვებს პრინციპების დონეზეც კი, რომ რომელიმე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოში პოლიტიკამ სასამართლოს და მართლმსაჯულებას უკარნახოს, თუ ვინ დაიჭიროს და ვინ -არა. ეს უბრალოდ არის ანტიევროპული. ასეთი რამ ევროპაში არ არსებობს, რომ იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთში დაძაბულობა შევამციროთ, მოდი ესა და ეს პატიმრები გათავისუფლდნენ,“ - აღნიშნავს თალაკვაძე.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაში იმიტომ ვერ აქტიურობს, რომ მისმა მეგობრებმა დაინახეს, ის სინამდვილეში ლიდერი არ არის.

„თქვენ იცით, სააკაშვილი დღეს თავის პარტიაში და პოლიტიკაში რატომ ვერ აქტიურობს? იმიტომ რომ მისმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ის სინამდვილეში ლიდერი არ არის. მათ სასჯელი კანონის თანახმად მოიხადეს, არც ერთს არ აუტეხავს ასეთი ამბავი, ამდენი მანიპულაცია და სიცრუე არ გამოუფრქვევიათ. ხედავენ რომ მათი ლიდერი, რომელმაც მაგალითი უნდა მისცეს ყველას, ამბობს, რომ მე პატიმრობაში ვერ ვძლებ და როგორმე გამათავისუფლეთო.

თქვენ გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ ორი ოპოზიციონერი შეიწყალა. ორივე შეიწყალა და ერთი გამახსენეთ მას მერე რა მოხდა? სად შემცირდა პოლარიზაცია? სააკაშვილთან შედარებით ისინი ბევრად უფრო დაბალი პოლიტიკური წონის ლიდერები იყვნენ. ამის შემდეგ იყო ყველაფერი - რვათვიანი ბოიკოტი, ქუჩის პოლიტიკა, თავდასხმები ინსტიტუტებზე. ჩვენ რომ პრინციპულად სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა, დღეს ქვეყანა არეულობის რეჟიმში იქნებოდა. შესაბამისად, ეს არის „ბლეფი“, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს“, - აცხადებს თალაკვაძე.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხი ექიმების საქმეა და არა პოლიტიკოსების.

„თუ მათ უნდათ, რომ ეს საუბარი საჯარო პოლიტიკის სფეროში გამოიტანონ, მაშინ გამოააშკარაონ: პირველი - რა არის დიაგნოზი, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექიმები, აკრედიტებულ სამოქალაქო კლინიკაში ვერ მკურნალობენ, თან თვეების განმავლობაში, მაშინ, როდესაც სხვა პატიმრებს 4-დან 7 დღემდე სჭირდებათ ნებისმიერ დიაგნოზზე რომ იმკურნალონ. მეორე - მიხეილ სააკაშვილი თანამშრომლობს თუ არა ექიმებთან საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება