ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას განცხადებით, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იარაღის განზრახ გასროლა მიზნად არ ჰქონია

ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას განცხადებით, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იარაღის განზრახ გასროლა მიზნად არ ჰქონია.

როგორც მან სასამართლო პროცესზე საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, ამის განზრახვა რომ ჰქონოდა, მაშინ გააკეთებდა, როცა გველესიანი მისი მოწოდების მიუხედავად გარბოდა.

წურწუმიამ დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ გავიდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მისივე უფროსთან, დიმიტრი ქვაჭრელიშვილთან ერთად შემთხვევის ადგილზე. დეტექტივმა მისი ყოფილი უფროსი შემთხვევის დროს უმოქმედობაში ფაქტობრივად, დაადანაშაულა.

„ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ მასთან ერთად უნდა გავსულიყავი. მითხრა რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო. წყნეთში, გუდუაშვილის ქუჩაზე გადავედი მანქანიდან და შევთანხმდით, როცა ხელით ვანიშნებდი, ქვაჭრელიშვილი დაუყოვნებლივ მოვიდოდა. ჩემი მისვლით რომ არ დაეჭვებულიყვნენ, ვიკითხე, რა ხდებოდა. გველესიანმა მითხრა, რაღაცას ვეძებ, ლოკაცია აქ მიჩვენებს და ლოკაცია სულ მართლდება. დარაჯმა წერაქვი მოიტანა, გველესიანმა მისი მეშვეობით თხრა დაიწყო და პატარა საგანი აიღო, რომელიც ცელოფანში იყო. ზურაბ გველესიანმა საგანი აიღო და ტაქსისთან მივიდა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი უძრავად იდგა, ვანიშნე რომ მოსულიყო, რადგან გველესიანი უნდა დამეკავებინა და ამას მარტო ვერ შევძლებდი. მე ვიყავი მარტო, ჩემი დახმარების თხოვნაზე ქვაჭრელიშვილი რეაგირებას არ ახდენდა. იარაღი საბრძოლო მოქმედებაში არ მომიყვანია და მისი დემონსტრირება მოვახდინე, რომ პოლიციელი ვიყავი. იარაღის დემონსტრირება გადავწყვიტე, რათა გველესიანს ნივთმტკიცება არ გაენადგურებინა, ჩემთვის უცნობი იყო ის ნივთიერება აბი იყო, თუ სითხე. იარაღის პასიური დემონსტრირებისას გველესიანი გაიქცა. კანონი მავალდებულებს ასეთ დროს მისი დაკავება მოვახდინო. მას გავეკიდე, იარაღი არ დამიმიზნებია, დამიზნებულ მდგომარეობაში ვერც გავეკიდებოდი. ის ნაძვნარისკენ წავიდა, წამოვეწიე და უკანა მხრიდან შევბოჭე. იარაღი ხელში მეჭირა, რადგან შენახვა ვერ მოვასწარი, მან კოჭში ფეხი მომარტყა, ამის დაზიანებაც მეტყობა. შემოტრიალებისთანავე ჩემ იარაღს ექაჩებოდა, წართმევას ცდილობდა, ამის საშუალებას არ ვაძლევდი, ჯაჯგურის შედეგად იარაღი გავარდა.. ჩემი ნების ზემოქმედების გარეშე გავარდა იარაღი, სავარაუდოდ, იარაღი სამსახურიდან დატენილ მდგომარეობაში წამომყვა.

როცა ქვაჭრელიშვილი შემოვიდა, ოპერაციაზე უმალ გავედით და ვერ გადავამოწმე იარაღი. განზრახვის შემთხვევაში, ამას გავაკეთებდი, როცა გველესიანი გარბოდა",- განაცხადა წურწუმიამ.

ამ წუთებში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდაა გასული.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა. წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა