რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემის ინიციატივას, მხარი დაუჭირა

დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის პრინციპებზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების იდეა უშუალოდ მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის, რაც გარკვეული მიმართულებებით მათთვის დამატებით შესაძლებლობების მიცემას გულისხმობს. მისივე განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს დამატებით მიეცემათ ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის მერიას უკვე გააჩნია და საუბარია ადმინისტრაციული სახდელების დაწესებაზე ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებურად გადათხრის, სამშენებლო მასალის მიტოვებისთვის და ასევე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის შემთხვევებისთვის.

მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები რეგულაციების დაწესებასა და მათი აღსრულების ნაწილშიც განხორციელდება და როგორც ოქმების გამოწერასთან, ასევე წესების რეგულაციების დადგენასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას, გარკვეულ ნაწილში, მუნიციპალიტეტები ჩაანაცვლებენ.

სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობების უფლებამოსილებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი წარადგინა.

ცვლილების თანახმად, 118 ჰექტარით მცირდება მტირალას ეროვნული პარკის ფართობი, რაც კანონპროექტის მომხსენებლის განცხადებით, პარკის საზღვრის პერიმეტრის დაზუსტების შედეგად განხორციელდა. მისივე თქმით, 2007 წელს, ეროვნული პარკის შექმნის დროს, ვერ მოხერხდა საზღვრების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოექცა.

„2022 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, მტირალას ეროვნული პარკის საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განხორციელდა და პარკის ტერიტორიას 4 უბანი გამოეყო", - აღნიშნა სააგენტოს წარმომადგენელმა.

სხდომაზე კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ სასესხო შეთანხმებებსაც გაეცნენ, რომლებზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრეს.

სარატიფიკაციო დოკუმენტების თანახმად, ენერგეტიკული რეფორმების და ბათუმი-ახალციხის გზის პროექტის მხარდაჭერისთვის, საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, სხვადასხვა სასესხო შეთანხმებები გაფორმდა.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კანონპროექტების და სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს