მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“  სახალხო დამცველობის 8 კანდიდატზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება სახალხო დამცველობის მსურველ 8 კანდიდატთან გააგრძელებს ოპოზიციასთან კონსულტაციებს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანდიდატები არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.

„ომბუდსმენთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში ჩავაყენეთ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელეთ. ოპოზიციის შეხვედრის და დღევანდელი უმრავლესობის სხდომის ერთგვარი საერთო შედეგი შემიძლია გაგაცნოთ.

სულ მოგეხსენებათ, რომ 19 კანდიდატი იყო, აქედან სამმა კანდიდატურა მოხსნა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა საქართველოს პარლამენტში, ამ ადამიანებზე მსჯელობას ბუნებრივია, არ და ვერ გავაგრძელებდით. დარჩენილი კანდიდატებიდან 7 მათგანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია. შეიძლება ითქვას, რომ თუკი არცერთი პოლიტიკური ჯგუფი „ქართული ოცნების“ ჩათვლით, არ უჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, ბუნებრივია, ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. მათემატიკური გათვლითაც კი, გნებავთ თეორიული შანსი დავარქვათ ან ა.შ. რჩება 8 კანდიდატი, რომელზეც უმრავლესობა გააგრძელებს ოპოზიციასთან კონსულტაციებს. უმრავლესობის გადაწყვეტილებითვე, შემიძლია დღეს მათი სახელები და გვარები გაგაცნოთ. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. საზოგადოებას დამატებით უნდა განვუმარტოთ, რომ ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის არის მისაღები, მაგრამ გამორიცხვის მეთოდით მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ, ამ 8 კანდიდატზე გავაგრძელებთ ოპოზიციასთან კონსულტაციებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო