ნუგზარ წიკლაური - რა ნაბიჯებიც ლევან ხაბეიშვილმა გადადგა, ჩემში არ ტოვებს განცდას, რომ ის დამოუკიდებელი ფიგურაა - მის მაგივრად გადაწყვეტილებებს არაფორმალური ცენტრი იღებს

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი არ ტოვებს განცდას, რომ “დამოუკიდებელი ფიგურაა”.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არაფორმალური ცენტრი იღებს.

მისივე თქმით, მას არ ეკითხებიან დააყენოს თუ არა თავისი კანდიდატურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა პოზიციებს დააფიქსირებს ლევან ხაბეიშვილი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღემდე, რა ნაბიჯებიც მან გადადგა, ჩემში არ ტოვებს განცდას, რომ ის არის დამოუკიდებელი ფიგურა. ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ არასდროს მიიღებდა ამ არჩევნებში მონაწილეობას და ოთხი დღის შემდეგ ჯადოსნურმა ჯოხმა გამოიწვია მისი სასწაულებრივი მეტამორფოზი, უცებ თქვა, რომ „მე უნდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა“. ამან გამიჩინა განცდა, რომ მის მაგივრად გადაწყვეტილებებს არაფორმალური ცენტრი იღებს, ამ ადამიანს არ ეკითხებიან დააყენოს, თუ არ დააყენოს თავისი კანდიდატურა. ამიტომ ძალიან ბევრი შეკითხვა იქნება და მის პოზიციას მოვისმენთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურმა ასევე ისაუბრა ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილს როლზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ და აღნიშნა, რომ მერაბიშვილი ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერია და აქტიურად იღებს მონაწილეობას აღნიშნული კანდიდატის კამპანიაში.

„ჩვენმა მეგობრებმა ამ პოლიტიკურ პარტიაში უკვე თქვეს, რომ დიახ, ვანო მერაბიშვილი არის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერი, რომ სხვადასხვა ადამიანს უკავშირდება და რეალურად ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კამპანიაშია ჩართული. თუ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება ვანო მერაბიშვილის აქტივობები, ეს იქნება უფრო კარგი. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე,რომ ამ პარტიაში კითხვის ნიშანი არ დარჩეს იმაზე, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად იყოს ჩატარებული. ძალიან კარგი იქნება თუ ყველას მხრიდან იქნება ეს გათვალისწინებული“,- განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, წიკლაურმა გადაცემაში ისაუბრა ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის პოსტზე და განაცხადა, ზურაბ ჭიაბერაშვილს ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

„ნაციონალური მოძრაობის“ განაწესი ახლა ისეთია, რომ თუ პარტიაში კვლავ ვინმე გაწევრიანდება და მოიპოვებს პოლიტიკური საბჭოს 3 ან 5 წევრის მხარდაჭერას, რომ კენჭი იყაროს, ამ შემთხვევაში მას ეს შესაძლებლობა მიეცემა. ამიტომ, ზურამაც უნდა გაიაროს ეს გზა.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ზურაბ ჭიაბერაშვილს ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. შეიძლება გამოჩნდეს სხვა რომელიმე კანდიდატი. ეს არის ძალიან ამბიციური გადაწყვეტილება, მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წინამძღოლობა არის ურთულესი ამოცანა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა კანდიდატს. ყველამ ვინც კანდიდატად დააყენა საკუთარი თავი და ვინც მომავალში წარმოადგენს თავის კანდიდატურას მზად უნდა იყოს შეკითხვებისთვის, კრიტიკისთვის და ყველაფრისთვის რაც დემოკრატიული ცხოვრებისთვის არის ნიშანდობლივი“,- განაცხადა წიკლაურმა.

გარდა ამისა, გადაცემაში მან ასევე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ სურს საქართველოს მოქალაქეებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიზუალურად იხილოს.

„ჩემთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს განცხადების გაკეთება სურდა, მაგრამ მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს საქართველოს მოქალაქეებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიზუალურად იხილოს.

ჩვენ ყველანი ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ამას ადასტურებენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, ადვოკატები, სახალხო დამცველი და დღეს უკვე „ვივამედის“ ხელმძღვანელობამაც დაადასტურა, თქვეს, რომ 1 კილომეტრზეც კი მისი გადაადგილება არ შეიძლება.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაყვანის შესაძლებლობა მოსპობილი ექნება, მე ამას განვიხილავ, როგორც სასიკვდილო განაჩენს ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილს. ამ შემთხვევაში, ვერაფერი დარჩება ისე, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა წიკლაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა