სახალხო დამცველი არის ერთადერთი არადამოუკიდებელი ინსტიტუტი დღეს საქართველოში, რადგან დამოკიდებულია ვიღაც-ვიღაცებზე, ამ ვიღაც-ვიღაცებს არ დავაკონკრეტებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით არის დაკომპლექტებული.
„ჩვენ გავფილტრეთ პირველადი სია, თავიდან იყო 19 კანდიდატი შემდეგ ჩამოვიდა 15 კანდიდატამდე და შემდეგ ჩამოვიყვანეთ 8 კანდიდატამდე. კონსულტაციები გაგრძელდება 8 კანდიდატის გარშემო და რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსულტაციებს, ჩვენ წინასწარ ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერც ერ კანდიდატთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა, სადაც გამოიკვეთა განწყობები სხვადასხვა კანდიდატის მიმართ და ბუნებრივია, ეს განწყობა ერთნაირად დადებითი არ არის 8-ვე კანდიდატის მიმართ.
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა მათი წარდგენა და რა არის მათი წარსული ამაზე განწყობა და დამოკიდებულება ვერ შეიცვლება. მე შეგახსენებთ, რომ ისინი შერჩეული იყვნენ კლანური მეთოდით, "ენჯეოების" კლანის მიერ, რა თქმა უნდა, ამის მიმართ ჩვენ გვაქვს კვლავ უარყოფითი დამოკიდებულება და რაც შეეხება მათ პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, აქაც არსებობს ფაქტები, რომ ისინი პოლიტიკურად არიან მიკერძოებულები. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ არის 8 კანდიდატი, გაგრძელდება კონსულტაციები, წინ ვერ გავუსწრებთ მოვლენებს და კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთადერთი არადამოუკიდებელი ინსტიტუტი დღეს საქართველოში, რადგან დამოკიდებულია ვიღაც-ვიღაცებზე, ამ ვიღაც-ვიღაცებს არ დავაკონკრეტებ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ (ოპოზიციას შეუძლია ამის დაბლოკვა) კანდიდატის არჩევას ამ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ რჩება „ნაცმოძრაობის“ ოფისი, მოადგილეები არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, აქედან გამომდინარე „ნაცმოძრაობისთვის“ არაფერი არ იცვლება და აწყობთ მათ.
2017 წელს ჩვენ დავუთმეთ ოპოზიციას ეს ოფისი და თეორიულად შეიძლება იგივე გადაწყვეტილება ახლაც მივიღოთ, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ დღესაც სახალხო დამცველის ოფისი არის დაკომპლექტებული „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით, აქედან გამომდინარე არ არჩევით პირიქით მოგებული რჩება ოპოზიცია და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობას“ აღარ ჰქონდეს კონტროლი ამ ოფისზე“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ომბუდსმენის აპარატის მმართველობის პერიოდში მმართველ გუნდისთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა ქვეყანას შეუქმნა.
„ნინო ლომჯარიას ჩვენთვის პრობლემები არ შეუქმნია, მაგრამ ქვეყანას შეუქმნა, მუდმივი პოლიტიკური მიკერძოებით, არაპროფესიონალიზმით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ქვეყანას არ წაადგა, თორემ ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვაკლო,“ -განაცხადა კობახიძემ.