გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე მთავარი სულისკვეთებაა, რომ ევროპა - ეს უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელსა და ყველა ფრაქციაში არის განწყობა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.
„დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები გვქონდა ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან, ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ სულ ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მხრიდან მოისმინა, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა ეს უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ეს განწყობაა ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელში და ყველა ფრაქციაში, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრებზე, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მართავს, მასპინძელმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე. მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას.
რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმებს, რომელიც საჭირო არის სტატუსისთვის, ამ კრიტერიუმებს საქართველო, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს, გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს მუშაობა დასრულდეს და შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.