მიხეილ სააკაშვილი არის ინსტრუმენტი არეულობის გამოსაწვევად - ლობისტურ კომპანიას ქირაობენ არა მისთვის, არამედ მისი ავადმყოფობის გასაპიარებლად და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყნის მტრობაში და მავნებლობაში გადადის, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" რეალურად, ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო.
„მიხეილ სააკაშვილი მათი და მათი დავალების მიმცემებისთვის, მათ შორის, სააკაშვილისთვის დავალების მიმცემებისთვისაც, არის მხოლოდ ინსტრუმენტი, არეულობის გამოსაწვევად. გეგმა გაიშიფრა. მათ ხომ ჰქონდათ გეგმა a, b, c, d და ა.შ. პირველ გეგმას დაუბრუნდნენ, რადგან ყველამ კრახი განიცადა. ახლა მიხეილ სააკაშვილი არის ინსტრუმენტი, ლობისტურ კომპანიას ქირაობენ არა მისთვის, არამედ მისი ავადმყოფობის გასაპიარებლად და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყნის მტრობაში და მავნებლობაში გადადის. ამ პროცესებს თან ერთვის ასევე, ქვეყნის გარეთ ლობირება, რომ საქართველომ "ქართული ოცნების" პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სჯერა, რომ თუკი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ექიმებს დაუჯერებს და საკუთარ ჯანმრთელობაზე რეალურად იზრუნებს, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ექნება.
"გულწრფელად მჯერა, რომ მან რომ ექიმებს ბოლომდე დაუჯეროს, მითითებები შეასრულოს, სრულფასოვანი კვება მიიღოს, რაც შეუძლია ის გააკეთოს, თავის ჯანმრთელობაზე რეალურად იზრუნოს და სხვებმაც რაღაცები არ მოუწოდონ, მე მგონია, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექნება. მგონია, რომ ყველამ ერთად რაღაცები, რომ არ "იმაიმუნონ", საერთოდ პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისთვის, რომ რადგან აქ პიარი ვერ "გაქაჩეს", უკაცრავად გამოთქმისთვის და კრახით დაასრულეს, ლობისტები დაიქირაონ და მათ უნდა უზრუნველყონ ახლა ავადმყოფობის მაღალ ხარისხში გაპიარება. პარადოქსთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ მსოფლიოს ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას პიარ-კამპანიას გაუწევს.