ზვიად ძიძიგური - გამორიცხულია, სააკაშვილმა ისეთივე ეფექტურობით წამოიწყოს პოლიტიკური აქტივობა, მან თავისი პოლიტიკური მომავალი დაასამარა, ვერ გაძლო ციხეში - თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხარ, მზად უნდა იყო ციხისთვის

გამორიცხულია, მიხეილ სააკაშვილმა ხვალ და ზეგ ისეთივე ეფექტურობით წამოიწყოს პოლიტიკური აქტივობა, როგორიც გვახსოვს, რადგან მან ერთწლიანი პატიმრობით თავისი პოლიტიკური მომავალი დაასამარა, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, პატიმრობისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ციხეს ვერ გაუძლო.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა საპატიმროში და დაეწყო დეპრესია. ამის შემდეგ, მან გააკეთა განცხადება, რომ მიდის პოლიტიკიდან, არ გაეკარება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს, თუ მას გაათავისუფლებენ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე წარმოედგინა ან მტერს, ან მოყვარეს. ამიტომ მან პოლიტიკური აქტივობა ხვალ და ზეგ რომ ისეთი ეფექტურობით წამოიწყოს, როგორიც ჩვენ გვახსოვს, ეს გამორიცხულია. რადგან, მან დაასამარა ერთწლიანი პატიმრობით თავისი პოლიტიკური მომავალი. თვითონ დაასამარა, რადგან ციხეში ჯდომით პოლიტიკური მომავლები არ ქრება და მსოფლიოში შემიძლია უამრავი მაგალითი გითხრათ, რომ ციხიდან გამოსული პოლიტიკური ლიდერები გაცილებით უფრო ეფექტურები და რეიტინგულები იყვნენ.

მარტივად რომ ვთქვათ, ვერ გაძლო ციხეში. ვერ გაუძლო ამ განსაცდელს, რომელიც არის საკმაოდ დიდი, მაგრამ პოლიტიკაში თუ ხარ და თან მით უმეტეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ხარ, ციხისთვის მზად უნდა იყო ფსიქოლოგიურად. ოპოზიციონერები ისხდნენ ციხეში, მერაბიშვილი, ახალაია და მე მგონი მათი მხრიდან დეპრესიები და „ოღონდ გამიშვი და პოლიტიკიდან წავალ“ არ ყოფილა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა ცუდადაა და არ სიმულიანტობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ცუდად არის. შეუძლებელია ასეთი დონის სიმულანტობა, რომ ადამიანი ფიზიკურადაც, გარეგნულადაც, ფსიქოლოგიურადაც, ყველანაირად იყოს ასე მძიმე მდგომარეობაში, ეს ასე არ ხდება. თანაც ოპოზიციის წარმომადგენლებს კი არ დავეყრდნობოდი, დავეყრდნობი იმ უცხოელ ექსპერტებს, ექიმებს, რომლებიც აკეთებენ შესაბამისი ტიპის დასკვნებს და თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მძიმედ არის, მაგრამ მძიმედ არის იმიტომ, რომ დეპრესიაშია. დეპრესიაში ყოფნა არის ყველა უბედურების გამომწვევი, ინსულტიდან დაწყებული, დიაბეტით დამთავრებული. ფაქტია, რომ მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გარდა მიხეილ სააკაშვილის საკითხისა, ზვიად ძიძიგურმა გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური კლასის დეკვალიფიკაციას, რადგან მუდმივად ხელისუფლება „უჩალიჩებს“ ოპოზიციას დღის წესრიგს.

„ისეთი პოლიტიკური სახეებით ამარცხებს ოპოზიციას ხელისუფლება, რომ ხანდახან ვიტყვი, ეს როგორ შეიძლება მოხდეს რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება, რადგან გაწყვეტილი აქვს ხალხთან, მოსახლეობასთან ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, სრულიად ოპოზიცია, როგორც პატარა ბავშვი, წამოაგო ხელისუფლებამ თავის ნარატივზე, ნაძვის ხეზე დაკიდებული სლოგანზე მინდა გითხრათ, „მშვიდობიანი ქალაქი“ დაწერა და ატყდა ერთი ამბავი, რომ „მშვიდობიანი ქალაქი, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კიდევ ერთხელ „ააგდო“ ოპოზიცია ხელისუფლებამ.

მართალია, არავინ არ აძალებდა ომს ხელისუფლებას, არავინ არ ექაჩებოდა საქართველოს მეორე ფრონტის გასახსნელად, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნარატივი აირჩია და ამ საახალწლო ნაძვის ხითაც ამ ნარატივის მიმართულება გააგრძელა და ის, რომ ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით ატეხა ალიაქოთი, კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას ხელისუფლებას, რომ გამოვიდნენ და ამ მიმართულებით ოპოზიციას კიდევ ერთხელ დასცინონ, „თქვენ რა, მშვიდობა არ გინდათ? აბა, ომი გინდათ?“.

მშვიდობის თემა იმიტომ შემოიტანა წელს მერიამ, რომ პროვოცირება გაუკეთეს ოპოზიციას, რომ ეს თავისი „მესიჯი“ კიდევ ერთხელ განევრცოთ და ამაში ძალიან მიეხმარა ოპოზიცია. ოპოზიციას ამასთან დაკაშირებით უნდა ეთქვა, რომ მშვიდობის წინააღმდეგი არავინ არ არის და მეტი ფრაზა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ იყო. კიდევ ერთხელ ჩანს ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური დეკვალიფიკაცია არის სახეზე, სულ მუდმივად არ შეიძლება, ხელისუფლება „გიჩალიჩებდე“ დღის წესრიგს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო