კობახიძე სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს მთელ თავის სახელისუფლებო გუნდთან ერთად, როდესაც ციხეში მიხეილ სააკაშვილს აწამებს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას გამოეხმაურა.
ხოშტარიას შეფასებით, საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობამდე „ივანიშვილის გადაწყვეტილებით არის მიყვანილი“.
„უმძიმესი მოცემულობაა, როდესაც სახელმწიფო პასუხისმგებელია ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების სისტემაზე და როდესაც ადამიანი საავადმყოფოში 116 კგ შედის, 73 კგ არ უნდა ხდებოდეს. მას არ უნდა ჰქონდეს ფეხზე დგომისა და მეტყველების პრობლემა, ამას თავად სახელმწიფო უნდა აფასებდეს, როგორც სერიოზულ პრობლემას. ამას გარდა, დეტალურად გავეცანი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს - ამერიკელი ექსპერტის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ეს არის მძიმე მეტალებით მოწამვლის ეჭვი. გარდა ამისა, უამრავი კონკრეტული დიაგნოზი წერია, რომელიც შეუთავსებელია ციხეში ყოფნასთან - არსებობს ბრძანებულება, რომელშიც არის იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც შეუთავსებელია ციხეში ყოფნასთან. აღარ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ შეფასებაზე, მესამე პრეზიდენტი ციხეში უნდა იჯდეს თუ არა, ვლაპარაკობთ მათივე მოქმედებების განმსაზღვრელ კანონმდებლობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დიაგნოზით ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს. მათთვის მიხეილ სააკაშვილი არის წამების სამიზნე. ამ ექსპერტების დასკვნაშიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ის შევიდა ჯანმრთელი და ახლა არის უმძიმეს მდგომარეობაში.
ცხადია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე მიყვანილი ივანიშვილის გადაწყვეტილებითაა. ის სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. აქ შეიძლება მსჯელობა იმაზე, ამას თავად აკეთებს თუ პუტინის დავალებით. ცოტა ფართოდ რომ შევხედოთ კონტექსტს, ვლადიმერ პუტინისთვის მიხეილ სააკაშვილი, როგორც ფერადი რევოლუციების ავტორი, როგორც რუსულ იმპერიალიზმთან მებრძოლი, არის დასავლეთის „ბაცილის“ შემომტანი რეგიონში, ის იყო დეკლარირებული მტერი. პუტინი მას დაემუქრა და უთხრა, რომ დასჯიდა. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ბევრ ქვეყანაში თავის ოპონენტებს როგორ ექცევა, როგორ წამლავს სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებით. ახლა კი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის ღია დამცირების და წამების მსხვერპლი და ამ ვიდეოებს თავადვე ავრცელებენ. მერე ამ ვიდეოებს რუსეთში ხომ ზეიმობდნენ? ხომ ვნახეთ რუსეთის ტელეარხებზე ჩვენი მთავრობის გავრცელებულ ვიდეოებზე ტაშფანდური?“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მან ასევე, უკრაინაში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე ისაუბრა.
„ამაზე რომ უნდა ვიმსჯელოთ, ამისიც კი მრცხვენია. რაზე ვლაპარაკობთ, რომ ადამიანის სიკვდილი არის თუ არა იმის საბაბი, რომ გამოვხატოთ გლოვა? ეს არის ქვეყნის კატასტროფული მდგომარეობა. ეს ხომ არ არის მხოლოდ პოლიტიკური და პარტიული საკითხი? როგორ შეიძლება ადამიანის სიკვდილი განისაზღვრებოდეს პარტიული პოლიტიკური საკითხით? საზოგადოების გამოჩენილ პირებს იმაზე რომ უწევს პოსტის წერა, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ის უნდა იგლოვო, გვერდიდან რომ უყურებ, მართლა სირცხვილით იწვები. ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გახადეს საკამათო თემად, რაც არის კატასტროფული ეროზია. ეს მთლიანად ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე კვალს ასვამს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.