მიუხედავად დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტშია აღნიშნული, რომლის არაოფიციალურ თარგმანსაც პარლამენტი აქვეყნებს.
დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ ზოგი წინარე რეკომენდაცია არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას,
„ერთობლივი მოსაზრება მიესალმება დადებით ცვლილებებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეესაბამება კანონმდებლობის გაძლიერების წინარე რეკომენდაციებს. ამ ცვლილებებს შორისაა შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის, ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად, დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში.
მიუხედავად ამ დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას და ზოგი წინარე რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ერთობლივი მოსაზრება შეეხება მხოლოდ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წარმოდგენილია მოსაზრებისათვის და ამგვარი შეზღუდვის გამო, ის არ წარმოადგენს სრულ და ყოვლისმომცველ ანალიზს მთელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოსი, რომელზე დაფუძნებითაც ტარდება არჩევნები საქართველოში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა ემყარებოდეს მინიმუმ სამ ძირითად ელემენტს: ნათელ და ყოვლისმომცველი კანონმდებლობას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინარე რეკომენდაციებს; კანონმდებლობის მიღებას ფართო კონსენსუსის საფუძველზე ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ; და პოლიტიკურ ნებას ამგვარი კანონმდებლობის კეთილსინდისიერად და სრულად განსახორციელებლად.
ამასთან, დასკვნის პროექტში აღნიშნულია, რომ ზოგადად, ვენეციის კომისია და ODIHR იმეორებენ თავიანთ რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით. დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისიის და ODIHR-ის რეკომენდაციაა, მათ ბოლო მოსაზრებებში და საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციები განხორციელდეს.
არსებულ კანონპროექტებში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, ODIHR და ვენეციის კომისია ადგენენ შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შემდგომ გაუმჯობესებას:
ა. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების ფორმირებისას რეკრუტირებისა და შერჩევის პროცესის უფრო მეტად გაძლიერება შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების, ასევე, შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესების გზით.
ბ. ქალაქის მერობისა და მუნიციპალური საბჭოების კანდიდატებისთვის ბინადრობის კრიტერიუმის შემდგომი შემცირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გ. ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის რეგულირების ჩარჩოს დაფუძნება, რომელიც შეესაბამება კარგ საერთაშორისო პრაქტიკას, გასაგებია რიგითი მკითხველისთვის და საკმაო ხნით ადრე მოიცავს ნებისმიერი ახალი ელექტრონული საშუალების გამოყენების გეგმას; ამომრჩევლის ეფექტიანი განათლებითა და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ტრენინგების ჩატარებით, ასევე, იმ ყველა მექანიზმის შექმნითა და განხორციელებით, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას.
დ. გადათვლის ჩატარების მკაფიო და ყოვლისმომცველი კრიტერიუმების დადგენა.
დამატებით ODIHR და ვენეციის კომისიას იძლევიან შემდეგ რეკომენდაციებს:
ე. საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის არსებითად ღია, კონკურენტული და მიღწევებზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც ასახავს კანონმდებლობაში მოცემულ ძირითად პრინცებსა და გარანტიებს.
ვ. პარტიის მიერ დანიშნული წევრებისთვის სტანდარტიზებული ტრენინგ სერტიფიცირების მოთხოვნების გაფართოება და სერტიფიკატების ვადის გასვლის დადგენა იმისთვის, რომ შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ უახლესი ინფორმაციის შესახებ ტრენინგები.
ზ. სამართლებრივი კრიტერიუმებს განმარტება იმაზე, თუ რომელ საარჩევნო უბნებზე იქნება გამოყენებული ელექტრონული საშუალებები.
თ. სულ ცოტა გარდამავალი პერიოდისთვის მაინც, ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნება იმ უბნებისთვის, სადაც გამოყენებული იქნება ელექტრონული საშუალებები, როგორც რეგულარული უბნები, ან სულ ცოტა მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა ამ უბნებისთვის. დროულად მოხდეს ამომრჩევლების ინფორმირება, თუ ხდება უბნების შერწყმა ან ამომრჩევლების გადაწერა ახალ საარჩევნო ლოკაციებზე.
ი. კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებისთვის, კონვენციური საშუალებების (ისეთის, როგორიც არის საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის გამოყენება და იმ ამომრჩევლის მარკირება, რომელმაც ბიულეტენი გამოიყენა) შენარჩუნების უზრუნველყოფა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება ელექტრონული საშუალებები, და კანონში მკაფიოდ მითითება, რომ ელექტრონულ და ხელით დათვლას შორის განსხვავებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ხელით დათვლას. მკაფიოდ განმარტება, რომ ტერმინი “ელექტრონული კენჭისყრა და დათვლა”, რომელიც კანონპროექტშია გამოყენებული, ეხება იმ სპეციალურ ქაღალდის ბიულეტენებს, რომლებიც სკანირდება და ითვლება ელექტრონულად და არა ელექტრონული კენჭისყრის მანქანების გამოყენებას.
კ. ყველა რელევანტური უწყების ძალისხმევის კონსოლიდირება შეზღუდული გადაადგილების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ადგილების ადაპტირების მიმართულებით, და უზრუნველყოფა, რომ ადაპტირებული საარჩევნო შენობები ახლოს არის იმ ადგილებთან, რომლებიც ჯერ არ არის ადაპტირებული.
ლ. განხილულ იქნეს შეზღუდვების გაფართოება სულ ცოტა ბოლო ორი არჩევნებისთვის პარტიასთან აფილირებულ დამკვირვებლებზე.
მ. უფრო სრულყოფილი და სისტემატური რეგულაციის შემოღება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის წინა ერთობლივ მოსაზრებებში გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად. ნ. საარჩევნო კოდექსის 77(2) მუხლის ქვეშ საჩივრებისა და აპელაციების წარდგენისა და განხილვის ვადების მეტად გაფართოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია და ODIHR გამოთქვამენ მზაობას, დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემდგომ ანალიზში, მის შემდგომ სრულყოფაში საერთაშორისო სტანდარტების და კარგი პრაქტიკის შესაბამისად.