ძმები კაკულიების საქმის პროკურორის განცხადებით, ჩაფხუტებზე, ელექტროსკუტერებსა და იარაღებზე ბრალდებული ძმების შემხებლობა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება

ძმები კაკულიების საქმის პროკურორის, თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, ჩაფხუტებზე, ელექტრო თვითმგორავებსა და იარაღებზე ბრალდებული ძმების შემხებლობა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება.

ბრალდების მხარეს, კაკულიების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„დღეს პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა, ასევე, სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტი და ბინის მფლობელი, ვინც უშუალოდ აღნიშნული ბინა კაკულიებს მიაქირავა, საიდანაც შემდეგში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. აღნიშნული იარაღის შეძენა-შენახვა ორივე მათგანს, როგორც დავითს, ასევე, გურამ კაკულიას ბრალად ედება.

სხდომაზე ბინის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიკითხა, რომელიც ჩხრეკაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, საიდანაც 2 ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი იქნა ამოღებული, დეტექტივმა დაადასტურა, რომ ნამდვილად იარაღი ამოიღეს. მან ასევე განმარტა, რომ ბრალდებულებს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე განცხადება ამოღებულ იარაღებთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.

საინტერესო გახლავთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელმაც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები გასცა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან იდენტურობაა დადგენილი ორივე ბრალდებულის შემხებლობის თვალსაზრისით. ორივე ბრალდებულს საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან შეხება ჰქონდათ, მათ შორის, საუბარია იმ ჩაფხუტებზე, რომლითაც ისინი იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ასევე ელექტროსკუტერებზე, რომლითაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, ცეცხლსასროლ იარაღებზე, რომლებიც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგადაა ამოღებული. სწორედ, ამ ნივთიერ მტკიცებულებებზე ბრალდებულების შემხებლობაა დადასტურებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით“, - განაცხადა ყულჯანიშვილმა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის