მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა რომ ცუდად დამთავრდეს, ჩათვალეთ, რომ ევროკავშირის კარებიც იხურება ამასთან ერთად, არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს გულშემატკივრობენ პერსონალურად, აქ საკითხი ისაა, რომ პრეზიდენტს თუ ციხეში კლავ, ევროპაში რა გინდა?! ასეთი რამე რუსეთშიც არ მომხდარა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის დღეს თავად აპირებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღოს.
„პარლამენტის წევრი ვარ და ვითხოვ მიხეილ სააკაშვილთან შესვლას. ამ შესვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვნახო და ადამიანურად მოვინახულო, გავამხნეო“, - აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი თავს თვლის პრეზიდენტად, მან პრეზიდენტის ინსტიტუციაში არსებული შეწყალების მექანიზმი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაწყვეტად უნდა გამოიყენოს.
„კონსტიტუციაში პრეზიდენტს რატომ აქვს შეწყალების უფლება?! იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციებში იყოს ეს გამოყენებული. როცა მართლმსაჯულება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობას და არ არის მიკერძოებული, ასეთ შემთხვევაში ეს უნდა გამოიყენო. სამი პროცესი მიმდინარეა, თუმცა თუ არსებულ ბრალზე მოხდება შეწყალება, მაშინ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მერე ხელახლა თუ დაიჭერენ, წინასწარ პატიმრობას მიუსჯიან, თავისთავად მაჩვენებელი იქნება, რომ მიზანი ამ ადამიანის განადგურებაა.
ვერავინ იტყვის, მათ შორის, ვერც „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს არის დამაკმაყოფილებელი მაინც, თუ კარგი არა. ამას ვერავინ ამბობს. რაც შეეხება „ქართლ ოცნებას“, მათ ხომ ზღვარი, მორალი, ადამიანობა, სახე აქვთ დაკარგული. მათ თეთრზე შავის მტკიცება ყველაფერზე შეუძლიათ“,- განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს - ეს არის ძლიერი საქართველოს იდეა და მეორე მხრივ, რუსეთის სატელიტი საქართველოს იდეა.
„დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს. ეს არის ძლიერი საქართველოს იდეა - ევროკავშირის, ნატოს წევრი, ეკონომიკურად ფეხზე დამდგარი, ამბიციების მქონე საქართველოს იდეა და მეორე მხრივ, რუსეთის სატელიტი საქართველოს იდეა. ეს არის გაუბედურებული, პროვინციული საქართველოს იდეა, რომელსაც ამბიცია არ უნდა ჰქონდეს, რომელიც არ არის ევროკავშირის და ნატოს წევრი, რომელიც ფასადურად არის და სასამართლო სასამართლო არ არის, კანონი არ კანონობს ქვეყანაში, ეკონომიკა წინ არ მიდის, ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში გარბიან, მათ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები რჩებიან. ეს ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს და აქ არის სწორედ არჩევანი. როდესაც ვამბობ ევროპა თუ რუსეთი, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი რუსეთზე გააკეთა.
რატომ არ აქვს საქართველოს დღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?! ვინ არის დამნაშავე, რომ მოლდოვამ მიიღო და ჩვენ არ მივიღეთ?!- „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე. გავიხსენოთ, რა ნაბიჯები გადადგეს - პირველი ეს იყო პოლიტიკური მდგენელი, უკრაინასთან დაკავებული ძალიან ცუდი პოზიცია, რომელიც ჰქონდა საქართველოს და რომელიც იყო ფაქტობრივად, მტრული დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებით. მეორე ეს იყო რეფორმების არგატარება კი არა, კონტრრეფორმების ჩატარება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო - მოსმენების კანონის მიღება, ნიკა გვარამიას დაკავება, გააორმაგეს თავდასხმები ევროპარლამენტარებზე, გააორმაგეს თავდასხმები ჩვენს პარტნიორებზე და კითხვები არის: „ჩემთან თუ გინდა, რატომ მაგინებ, რატომ მადანაშაულებ სიცრუეში?!“- განაცხადა ვაშაძემ.