სერგი კაპანაძე - რატომ არის უკრაინის თხოვნა უპასუხოდ დარჩენილი, ნათელია - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული, არ გამოჩნდეს, რომ უკრაინას უჭერს მხარს, არც მალავენ

უკრაინის თხოვნა რატომ არის დარჩენილი უპასუხოდ, მე მგონი, ნათელია, ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ხელისუფლებას, არ გამოჩნდეს, რომ უკრაინას უჭერს მხარს და არ გააღიზიანოს რუსეთი, ამას არც მალავენ, ეს არის მათი დეკლარირებული პოლიტიკა , - ამის შესახებ ორგანიზაცია "გრასის" დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინული მხარის განცხადებას საქართველოს მთავრობის მიერ მათი წერილის უპასუხოდ დატოვებაზე.

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ეხმარება ძირითადად იქ, სადაც ნაკლებია დახმარების ფასი, ხოლო სადაც სიმბოლური ან მნიშვნელოვანი სოლიდური ნაბიჯია გადასადგმელი, არა.

„როგორც ჩანს, ოლიგარქის გარემოცვაში უკრაინის დახმარება რუსეთის გაღიზიანებას ნიშნავს. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო, დასავლეთის მხარდაჭერა გვქონდეს, ევროინტეგრაცია მოხდეს, ამის წინაპირობა არის უკრაინის გამარჯვება. უკრაინა თუ დამარცხდა, არაფერი არ იქნება. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჩვენს ხელში არ არის ჩვენი უსაფრთხოება.

უკრაინას უნდა დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია. გენერატორები ყველაზე მარტივია ამ შემთხვევაში. შეიძლება მთავრობაში ვინმე ფიქრობდა, რომ ჩუმად მისცემდა, შეიძლება იყოს ასეთ მოსაზრება, რომ აპირებდნენ კიდეც, მიდგომაშია პრობლემა. ნორმალური მიდგომა იქნებოდა, როდესაც რაღაცას გთხოვს უკრაინა, საჯაროდ უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ აპირებს დაეხმაროს, ხალხისთვის მოეწოდებინა, რომ "თქვენც თუ რამე შეგიძლიათ, დაეხმარეთ".

ჩვენ, ვისთვისაც უკრაინის გამარჯვება არის მნიშვნელოვანი ყველა შემთხვევაზე მტკივნეულად ვრეაგირებთ ხოლმე, უბრალოდ ამ აღშფოთებას აზრი აღარ აქვს უკვე, გადაწყვეტილება მიღებულია, ეს ვექტორი აქვს არჩეული ხელისუფლებას, უკრაინას არ ეხმარებიან. შეიძლება რაღაცაში ეხმარებიან დიპლომატიურ ფრონტზე, იქ, სადაც დახმარების ფასი არის ნაკლები, მაგრამ ის, სადაც სიმბოლური ან მნიშვნელოვანი სოლიდური ნაბიჯია გადასადგმელი, არ ეხმარებიან. ამიტომ ყოველი ქუჩის არ გახსნაზე და გენერატორის არ მიცემაზე სწორია, რომ ვბრაზდებით, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს გზა აქვთ არჩეული და მე ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ გავიგოთ იარაღს აძლევენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, უკრაინის მიერ ყველა ქვეყნისგან იარაღის მოწოდების თხოვნა ლეგიტიმურია და აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა ხელისუფლება ამ ფაქტს "პიარული სვლებისთვის" იყენებს.

„რუსეთი თავს დაესხა და უკრაინას იარაღი უნდა ყველასგან. უკრაინის მიზანი არის, თავი დაიცვას, ამიტომ ყველასგან იარაღის მოთხოვნა არის ლეგიტიმური, თუმცა იარაღის მიწოდების საკითხში უდავოდ სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ დაზღვეული ვართ რუსეთის თავდასხმისგან. რაც არ უნდა ხელისუფლებამ იძახოს, რომ მათი პოლიტიკის შედეგია მშვიდობიანობა, ამათ გამო კი არაა, რუსეთმა არ გადაწყვიტა აქ შემოსვლა, ესაა რეალობა. რომ გადაწყვიტოს ხვალ შემოსვლა, ამისგან არ ვართ დაზღვეული, შეიძლება ეს გააკეთოს მართლა ნებისმიერ დროს, უბრალოდ ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, რომ თავი დავიცვათ. იარაღის შემთხვევაში უკრაინისთვის კარგად უნდა აგვეხსნა, რომ შეიძლება რაღაც იარაღი მისცე, მაგრამ იარაღი ჩვენ გვჭირდება, აქ - განსხვავებით ნატო-ს ქვეყნებისგან, რომელთაც კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა აქვთ გადაფარებული, შეუძლიათ იარაღი მოიხსნან და გადასცენ უკრაინას, ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება ჩვენს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ის იარაღი მიგვეცა, რაც გამოადგებოდათ, ჩვენ არაფერი მიგვიცია, პრობლემა ესაა, თორემ არ მგონია, სწორი იყოს იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ახლა რაც შეიარაღება აქვს, ყველა გადასცეს.

როცა უკრაინას თავს დაესხნენ, უცნაური იქნებოდა, რომ იარაღის მიწოდებაზე ყველასთვის არ მიემართა. ჩვენ რომ დაგვესხა რუსეთი თავს 2008 წელს, ჩვენც ვითხოვდით იარაღს ყველგან, მათ შორის უკრაინაშიც და სხვაგანაც. როცა ქვეყანას თავს გესხმის დიდი მეზობელი, იწყებ ნებისმიერი შეიარაღების თხოვნას, ამიტომ უკრაინას რომ ჩვენგან იარაღის მიწოდების სურვილი ჰქონოდა, ამაში არაფერი გასაკვირი არაა, უბედურება ისაა, რომ ამ ფაქტს, რომელიც აბსოლუტურად ნორმალურია, ხელისუფლება იყენებს თავისი პიარული სვლებისთვის. ხელისუფლების პიარი არის აგებული იმაზე, რომ ყველას უნდა, ომში ჩაგვითრიოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გარდა უკრაინისა და საგარეო პოლიტიკისა, სერგი კაპანაძემ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას არაა საუბარი მხოლოდ ერთი ადამიანის ბედზე, არამედ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველო კანდიდატის სტატუსს დაემშვიდობება.

„აქ საუბარია არა კონკრეტული ადამიანის, ბედზე, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, არამედ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს - სააკაშვილი თუ ციხეში მოკვდება, უბრალოდ კი არ მჯერა, მომისმენია ჩვენი პარტნიორებისგან ევროპაში, ძალიან ნათელი გზავნილი, რომ დაემშვიდობეთ კანდიდატის სტატუსსო. ერთი და ორი კი არა, ყველა ამას ამბობს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას