მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლის ხელით მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა გოგოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მიდის რეგრესისაკენ და ქვეყანაში აღარ მოიძებნება არანაირი სამედიცინო რესურსი იმისათვის, რომ მოხდეს მისი მდგომარეობის გაუმჯობესება.
"აქედან გამომდინარე, ეს სასამართლო პროცესები იქნება მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ საქმე არ გვაქვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ მძევალს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ან სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს, ან გადადგამს ნაბიჯს მისი სიცოცხლის შენარჩუნებისკენ.
„ქართული ოცნების“ პირობებში და იმ პირობებში, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მძევალი, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ისიც, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწეროს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას მოსამართლის ხელით. ეს არის განხილვაში, მაგრამ ბუნებრივია, რომ პარტიის სტრატეგიაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში გააკეთებს ყველაფერს მისი რესურსით. შარშანდელისგან განსხვავებით, ახლა მოცემულობა არის განსხვავებული. ამაზე საუბრობს ყველა - არამხოლოდ პარტიის წევრები, რომელთაც ეძლევათ პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების საშუალება, არამედ მისი ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ ასევე უცხოელი სამედიცინო ექსპერტები, რომ კრიტიკულად მძიმე არის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. შესაბამისად, ამ საკითხის პროტესტის კონტექსტიც და სიმძლავრე იცვლება.
„ქართული ოცნება“ იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ცუდად ყოფნა არის მოჩვენებითი, თითქოს ის სიმულანტობს, მაგრამ ყველაზე მარტივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება მოვიყვანოთ არის ის, რომ სასამართლოს წინა სხდომაზეც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს დასწრების სურვილი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ დაუშვა. ხვალინდელ სხდომაზეც აქვს მას დასწრების სურვილი და ვნახავთ რას გააკეთებს „ქართული ოცნება“. ეს იქნება მაჩვენებელი - თუ მიხეილ სააკაშვილი არის კარგად, მაშინ მას დართავენ იმის ნებას, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.