ჩვენ საქართველოს მთავრობას ვთავაზობთ, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებისთვის ერთჯერადი კომპენსაცია და ამავე დროს მთელი რიგი სოციალური ღონისძიებები გამოსცეს, რომლებიც მხარს დაუჭერს ბავშვებს, რომლებიც მამის გარეშე დარჩნენ, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის’’ ლიდერმა, ანა დოლიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველები უნდა გაუთანაბრდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეებს საკუთარი სტატუსით.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მინიმალურსაც კი არ აკეთებს იმისთვის, რომ მხარში დაუდგეს იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებმაც უკრაინის და საქართველოს მომავლისთვის თავი გაწირეს.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით 20-მდე ბავშვი დარჩა უმამოდ, რომლის მშობელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა და ისინი სახელმწიფოსგან არავითარ დახმარებას და მხარდაჭერას არ იღებენ.
„გვსურს საქმით დავამტკიცოთ ის, რომ უკრაინის თავისუფლების ომი ჩვენი ომი არის. ჩვენ როგორც ქვეყანა და ერი, მადლობელი ვართ იმ თავგანწირვისთვის, რომელიც უკრაინაში ქართველმა მებრძოლებმა და მათმა ოჯახებმა გასწიეს. რეალურად უნდა გავაკეთოთ რაღაც ამ ოჯახებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას დააწესოს ერთჯერადი კომპენსაცია ამ ოჯახებისთვის და ამავე დროს გამოსცეს მთელი რიგი სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მხარს დაუჭერს ამ ბავშვებს, რომლებიც მამის გარეშე დარჩნენ. თუ გვინდა გამოვხატოთ მადლობა ამ ადამიანების თავგანწირვისთვის, ეს მადლობა უნდა გამოიხატოს საქმით. გასაგებია, რომ ვერავითარი ფინანსური მხარდაჭერა ვერ იქნება საკმარისი იმ მადლიერების გამოსახატად, რომელიც ჩვენ უნდა გამოვხატოთ ამ დაღუპული მეომრებისა და ოჯახების მიმართ. თუმცა, ეს არის ის მცირე რაც ჩვენ, როგორც სახელმწიფოს შეუძლია,“ - აცხადებს ანა დოლიძე.