ცუდი იქნება, თუ [ოპოზიციის წარმომადგენლებს] წინასწარ განსაზღვრული, ჩამოყალიბებული აზრი აქვთ, რომ არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ, ან დაუჭერენ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით - აქ პოლიტიკური გემოვნება არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ობიექტურობა და პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი კანდიდატების მოსმენებს არ ესწრება, ეს კონსენსუსის მიღწევის პროცესს შეაფერხებს.
„თუ ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლების უმრავლესობა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ვერ შეიქმნიან შთაბეჭდილებას კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს მათ გაურთულებთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც შეაფერხებს კონსენსუსზე დაფუძნებით პოზიციების შეჯერებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური ჯგუფების უმეტესობა და მათი წარმომადგენლები, არ არიან მოწადინებულები და ორიენტირებულები, საქმიანად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. არ მინდა დავიჯერო, რომ არ სურთ მხარი დაუჭირონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს არჩევისთვის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში იმ კანდიდატების მოსმენა გრძელდება, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადები შეიტანეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ავთანდილ კახნიაშვილის, რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ალექსანდრე კობაიძის, ალექსანდრე კურცხალიასა და გია ლილუაშვილის მოსმენაა დაგეგმილი. ასევე მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხსაც განიხილავს. კომიტეტზე სამ კანდიდატს უკვე მოუსმინეს.